ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა წინასაარჩევნო შეთანხმებას მიაღწიეს

20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან წინასაარჩევნო შეთანხმების მიღწევის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიზანიც, მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაა“.

ხაბეიშვილის თქმით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, როგორც „ყველაზე დიდმა ევროპულმა პარტიამ“, გადაწყვიტა, რომ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“.

„კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ, მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია, ყველა კვლევით, პროდასავლურ პარტიებს შორის, აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით. ვგულისხმობ, „სტრატეგია აღმაშენებელს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) აპრილში გამოაქვეყნა, რესპოდენტთა 14%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ არჩევნად, ხოლო 3%-მა მეორე არჩევნად დაასახელა; ამასთან, 2%-მა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაასახელა პირველ არჩევნად, ხოლო 4%-მა – მეორე არჩევნად.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მათი ალიანსის მიზანია საქართველოს მოქალაქეების პრობლემების მოგვარება, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ეს განცხადება იმის მანიშნებელია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დატოვა სხვა ალიანსი, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში „გირჩი – მეტი თავისუფლებასა“ და „დროასთან“ ერთად შექმნა. ეს ორი პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” შექმნილ ალიანსს არ შეუერთდა.

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მიუხედავად გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილებისა, მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში თავის თავს ვერ ხედავს. „ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი“, – დასძინა მან. რაც შეეხება „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, მისმა წარმომადგენელმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში შესვლას არ აპირებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version