კლინიკა ვივამედში მომხდარი ინციდენტის შემდეგ საგარეომ პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარიუშ პიეტრჟაკი კლინიკა ვივამედში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის განმავლობაში ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”. კერძოდ, სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გაახვია და კლინიკიდან მის მალულად გატანას ცდილობდა ფეხსაცმლის მეშვეობით.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა: „აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას”.

14 ივლისს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, პოლონეთის საელჩოდან მომხდარის შესახებ ოფიციალური ახსნა-განმარტება მოეთხოვა, რადგან სწორედ საელჩო იყო პოლონელი ექიმის ერთ-ერთი რეკომენდატორი.

ბრეგაძის თქმით, გარკვეულმა ძალებმა მომხდართან დაკავშირებით საზოგადოება მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანეს. „საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ”, – აღნიშნა ბრეგაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, ოჯახის მოთხოვნით დაუშვა პოლონელი ექიმების ვიზიტი სააკაშვილთან მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი „იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს”. საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version