უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.

ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ორგანიზაციები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

მედიის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 20 ივნისს კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.

„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „უკიდურესად კრიტიკულად“ აფასებს საკასაციო სასამართლოს განაჩენს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც „მთავარი არხის“ დირექტორი პატიმრობაში რჩება. ორგანიზაციის თქმით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

„არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს“, – აცხადებს კოალიცია.

შენიშვნა: მასალა განახლდა 20 ივნისს 18:00 საათზე.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version