სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ ტელეარხებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 1 და 2 ივნისს ფრანგულ ტელეარხებს – Franceinfo-ს, LCI-ს და France24-ს ესაუბრა, სადაც მან ევროკავშირში საქართველოს განაცხადსა და კანდიდატის სტატუსზე, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უკრაინაში ომზე გაამახვილა ყურადღება.

ინტერვიუ Franceinfo-სთან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ჟურნალისტს, რომელიც ამბობდა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის შეხედულებების შესაბამისად საუბრობს. მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა „კომპრომისი“ ექსპრეზიდენტთან მიმართებით და ხაზი გაუსვა, რომ მისთვის პირობებისა და მკურნალობის გაუმჯობესებაა აუცილებელი და არა ცალსახა ამნისტია. მან აღიარა სააკაშვილის როგორც კატალიზატორის როლი საქართველოში რეფორმების განხორციელების საქმეში, რაც მისივე თქმით, ასევე აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. თუმცა, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური დაუსჯელობის საკითხის სენსიტიური ბუნება.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და გადაწყვეტს, რომ დროა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიძულოს რუსეთი ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში და დათმოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, საჭიროა უფრო მკაცრი მიდგომა რუსეთის მიმართ, არა მისი დეზინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, არამედ მის მხარდასაჭერად, რათა მოხდეს ამ ქვეყნის ტრანსფორმაცია „უფრო ნორმალიზებულ ქვეყნად მის სტანდარტულ საზღვრებში“.

ინტერვიუ LCI-სთან

ფრანგულ ტელეარხ LCI-თან ინტერვიუს დროს, წამყვანმა საქართველოს პრემიერმინისტრი პრორუსად დაახასიათა, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოში არავინ შეიძლება ჩაითვალოს პრორუსად. მან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც, განსხვავებული შიდაპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ისეთ განცხადებებს აკეთებენ ან ისე მოქმედებენ, რაც პრორუსულად გამოიყურება, რეალურად ისინი არ არიან შესაბამისობაში პრორუსულ პოზიციასთან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხოს. მისი თქმით, იგი საქართველოს მოქალაქეებისგან შეწყალების შესახებ უამრავ მოთხოვნას იღებს, მათ შორის, ზოგი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს შეეხებათ, ზოგი კი არა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დეტალური ახსნა-განმარტების მიცემა ძირს უთხრის მის დისკრეციულ უფლებამოსილებებს. თუმცა, მანვე განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეწყალების უფლება შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რაც ხელს უშლის მას ამ უფლებამოსილების განხორციელებაში.

სანაცვლოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სათანადო მოპყრობისა და მის ჯანმრთელობაზე სათანადო ზრუნვის მნიშვნელობას. პრეზიდენტის თქმით, მან შესაბამის ორგანოებთან უცხოელი ექიმების ჯგუფის ჩართვის შესაძლებლობა განიხილა, არასათანადო მოპყრობის შესახებ ნებისმიერი ეჭვის აღმოსაფხვრელად, რადგან მიიჩნევს, რომ არასათანადო მოპყრობის თაობაზე ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება სასარგებლო იქნება. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის ნეგატიურ იმიჯთან ასოცირება, რომელიც, მისი აზრით, ქვეყნის ნამდვილ სახეს არ ასახავს.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის პირველი ადამიანია, ვისაც სჯერა, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული ნებისმიერი არასასურველი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი ამჟამად კერძო კლინიკაში მკურნალობს და საქართველოს ხელისუფლება კონტაქტზეა მის ექიმებთან. პრეზიდენტის თქმით, მართალია, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, თუმცა გასულ წელს, მასთან 300-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. მისი თქმით, დედა მუდმივად სააკაშვილის გვერდით რჩება და შეუძლია მისი ნახვა. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პატიმრობა შეშფოთებას იწვევს, მას არ მიაჩნია, რომ სიტუაციის ზედმეტად დრამატიზებაა საჭირო.

ინტერვიუ France24-თან

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2 ივნისს ფრანგულ ტელეარხ France24 English-თან ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სწრაფ პროგრესს მიაღწია და დაჩქარებული პროცესი უკრანაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს დაუკავშირა. თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ გზაზე გარკვეული შესაძლებლობები ხელიდან იქნა გაშვებული. იგი დაეთანხმა ჟურნალისტს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა ერთ-ერთი ასეთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო.

როდესაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს ქვეყნის ევროინტეგრაციის კონტექსტში „ქართული ოცნების“ პოზიციების შესახებ ჰკითხა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამაბნეველია. მან ეს უკრაინაში განვითარებული მოვლენებით გამოწვეული შიშისა და საქართველოს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ გაურკვევლობის ნარევს მიაწერა. გარდა ამისა, მან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებიც ახსენა და ხაზი გაუსვა, თუ რა გამოწვევები შეიძლება შეხვდეს პარტიას „სრული გამარჯვების“ მოსაპოვებლად, თუკი ისინი ევროკავშირის მიერ წამოყენებულ გარკვეულ რეკომენდაციებს შეასრულებენ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჟურნალისტის კითხვების საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ქმედებები არაერთხელ შეაფასა „პროვოკაციად“. იმ ვარაუდთან დაკავშირებით, რომ რუსეთში ქართველები ცხოვრობენ და საქართველოში ზოგმა შეიძლება იქ სწავლა მოისურვოს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთში ქართული დიასპორის არსებობას, თუმცა განაცხადა, რომ „დღეს საქართველოდან მოსკოვში წასვლის და სწავლის მსურველი არავინაა. მე შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ“. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 780 ათასი მოქალაქე შემოვიდა და დასძინა, რომ საქართველოში ჩამოსვლა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გარეშეც იყო შესაძლებელი. პრეზიდენტის თქმით, მისი შეშფოთება არა რუსული ფრენებითაა გამოწვეული, არამედ რუსეთის არასაჭირო პროვოკაციით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების პირასაა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აშკარაა პუტინი არ ზრუნავს ქართველების კეთილდღეობაზე და დასძინა, რომ მას შეუძლია ეს ზრუნვა ორი ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით აჩვენოს და არა ფრენების განახლებით.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საკითხს და იმ ზიანსაც შეეხო, რომელიც მის მიმართ არასათანადო მოპყრობამ საქართველოს იმიჯს მიაყენა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ აქტიურად დგამდა ნაბიჯებს სიტუაციის გასაუმჯობესებლად, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზიანი, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია და არა ყოფილი პრეზიდენტის არშეწყალებამ. ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილს ისევე უნდა მოექცნენ, როგორც მსოფლიოს სხვა სასჯელმისჯილ პრეზიდენტებს, მაგალითად, „ელექტრონული სამაჯურების“ გამოყენებით და სხვა ზომების მიღებით, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრაქტიკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ის სასჯელს ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოიხდის.

ინტერვიუს დასასრულს, წამყვანმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰკითხა მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, ძალიან ხომ არ ჩქარობენ საქართველოში პროევროპული ძალები და ხომ არ ეწინააღმდეგება საქართველოს ტრადიციული საზოგადოება გარკვეულ ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა LGBTQ+ უმცირესობის უფლებების დაცვა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოების წინააღმდეგობა გამოიხატება მის მიერ ყველაფრის მიუღებლობაში, რაც მას პროპაგანდას, კერძოდ კი – რუსულ პროპაგანდას აგონებს. მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს კულტურა და მოსახლეობა საკმაოდ ტოლერანტულია. ასე რომ, დისკრიმინაცია მათ დნმ-ში არ არის“. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, პრაქტიკულად ყველა ქართულ ოჯახს ჰყავს ნათესავი, რომელიც სწავლობს, მუშაობს ან ცხოვრობს დასავლეთის ქვეყნებში და მათმა გავლენამ საზოგადოების მსოფლმხედველობის ცვლილება გამოიწვია. „ამ ცვლილებას ასახავს ქართველების 80%-ზე მეტის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ“, დასძინა პრეზიდენტმა.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version