პრეზიდენტი ევროპარლამენტში: „ჩვენი ერთობლივი მიზანი იქნება, რათა მეორე შანსი ხელიდან არ გავუშვათ“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, 31 მაისს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მან რიგი საკითხები მიმოიხილა, მათ შორის, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, საქართველოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ასევე ომი უკრაინაში და რუსეთთან ურთიერთობები.

ევროინტეგრაციისკენ გზა და კანდიდატის სტატუსი

გამოსვლის დასაწყისში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველები ისტორიულ მონაკვეთზე იმყოფებიან, რადგანაც მათ სურთ „საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს“ მრავალსაუკუნოვანი სწრაფვის შემდეგ. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, არამედ „მორალური რწმენის“ გამო.

„ჩემი, როგორც პრეზიდენტის მიზანია, საქართველომ გადალახოს გამოწვევები და კანდიდატის სტატუსის მიღებით მყარად დადგას ფეხი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამისათვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: საქართველოსთვის წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიცემა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს წარსულზე, ევროპასთან მის სიახლოვესა და თავისუფლებისთვის ბრძოლაზე და აღნიშნა: „ჩემი განაცხადი საქართველოს ევროპული მომავლისათვის საქართველოს ევროპული წარსულით იწყება, რომელიც საერთო კულტურულ ფესვებსა და რაც მთავარია, საერთო ღირებულებებზე დგას“.

„2.5 საუკუნის განმავლობაში, საქართველო თავის ტრაგიკულ ისტორიას ერთ ქვეყანას, უკრაინას უზიარებდა. ცარისტული იმპერიალიზმისა და რუსიფიკაციის, საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და რეპრესიების და კვლავ რუსული აგრესიებისა და ოკუპაციების ტრაგიკულ ისტორიას“, – ხაზი გაუსვა მან და კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის „სრული, ცალსახა და პრინციპული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“.

მისი თქმით, „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ თავის ტერიტორიას იცავს, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის ღვრის სისხლს: ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის; საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის“. მან პატივისცემა გამოხატა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, რომელიც ამ რთულ დროს თავის ერს უძღვება.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბერძნული და რომაული გავლენით წინასწარ განსაზღვრულ საერთო მემკვიდრეობაზე, ასევე ქრისტიანობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან „გავლენა მოახდინა ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე“.

ამის შემდეგ, მან ტოლერანტობის, კანონის უზენაესობის, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებები გაიხსენა, რომლებიც ფესვგადგმულია საქართველოს ლიტერატურასა და ტრადიციებში და ამის მაგალითად ბოლო წელიწადნახევრის საქართველოს მიერ 80 00 რუსის მასპინძლობა დაასახელა. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ „ამას თან უნდა სდევდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას გაღიზიანებასა და ესკალაციას“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პრიორიტეტი სრულად ჩვენი კულტურის, ღირებულებების და ჩვენი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. „თქვენი რეკომენდაციები ჩვენთვის უცხო არაა… რასაც თქვენ ჩვენგან ითხოვთ, არის ის, რომ საქართველო ჩვენი იდენტობის ერთგული დარჩეს. რასაც თქვენ გვირჩევთ, არის ის, რომ საქართველომ ტოტალიტარული წარსულის ნარჩენები აღმოფხვრას და ხელახლა გაერთიანდეს თავის თავთან და თავის ევროპულ საწყისებთან“, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ჩვენმა ქვეყანამ „ევროპული მომავლის დასაცავად დიდი საფასური გადაიხადა“ და არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველომ სისხლი დაღვარა იმისათვის, რომ საბჭოთა მმართველობისგან დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა და ის უფლება, რომ გამხდარიყო დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროსა და მის მიერვე არჩეული ალიანსების ნაწილი.

საქართველოს მთავრობები დამოუკიდებლობის დღიდან ევროკავშირისკენ მიისწრაფოდნენ და ამ გზაზე მუდმივ პროგრესს აჩვენებდნენ. „პროევროპული ხელისუფლების არჩევის გარდა, შეუძლებელია დავასახელოთ ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც რაიმე ნორმალურ შედეგს მიაღწია ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერის გარეშე. ეს ქართული პოლიტიკის გაკვეთილია, ანტიევროპული კამპანიები კი, მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციას ახდენენ“.

მისივე თქმით, ამ კონტექსტში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ქართველები არცერთ ხელისუფლებას ამ გზიდან გადახვევის საშუალებას არ აძლევენ. „ყველა მასობრივი დემონსტრაცია თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული გზის მხარდასაჭერად გაიმართა. ბოლო წლებში, ქართველები ქუჩაში იმ იდეალების დასაცავად გამოდიან, რომელთაც შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ“.

სალომე ზურაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის პროცესის წინ წასაწევად. ამ კონტექსტში მან, 2021 წლის 19 აპრილის ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებაც გაიხსენა და თქვა, რომ მისი შესრულების შემთხვევაში, „საქართველოს უკვე ექნებოდა კანდიდატის სტატუსი“.

მანვე ამავე შეთანხმების ფარგლებში, მის მიერ შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენებასაც გაუსვა ხაზი და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოწოდებაზე მინიშნებით თქვა: „შეწყალება პრეზიდენტის ის უფლებაა, რომელიც მან თავისი „სულითა და სინდისით“ უნდა მიიღოს. პრეზიდენტის ეს უფლება თავისუფალი უნდა იყოს შიდა თუ გარე წნეხისგან“. მანვე „გარკვეულ სამთავრობო წრეებსაც“ მიმართა და აღნიშნა: „ჩემზე მუქარა საჭირო არ არის, რადგან მე იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი“.

„ყველა გადაწყვეტილებას თავისი დრო და ადგილი ექნება. მე ყველა ქვას გადავაბრუნებ, როდესაც საქმე იმის უზრუნველყოფას ეხება, რომ საქართველო იდგეს იქ, სადაც მისი ადგილია. საქართველოს ევროპული გზა, რა თქმა უნდა, დიდწილად, ევროპული ძალისხმევისა და მხარდაჭერის შედეგია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროკავშირისგან „ისტორიული გადაწყვეტილების“ მოლოდინის ფონზე სალომე ზურაბიშვილმა ევროპისადმი ქართველი ხალხის მადლიერება გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ „სწორედ ევროპულმა დახმარებამ და ევროპულმა ბაზარმა შეუწყო ხელი ქართველების ცხოვრების დონის ზრდას“. „ამის გათვალისწინებით, როდესაც მესმის, რომ ჩვენ რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი ეკონომიკის დახმარებას – ვფიქრობ, ეს არამხოლოდ ამორალური, არამედ მტკნარი სიცრუეცაა“.

„ევროკავშირი სტაბილურობის გარანტორია. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა რუსული ტანკები საქართველოში შემოვიდნენ, ჩვენმა პარტნიორებმა მოახდინეს პრევენცია, რათა უკვე დამდგარი ტრაგიკული შედეგი, კიდევ უფრო მძიმე არ ყოფილიყო’, – დასძინა მან.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, „რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“, „ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა გეოგრაფიასა და იდენტობის შესახებ დებატები“. “ევროპული პერსპექტივის მიღებამ ეს დისკუსია დაასრულა და ქართველებს ორი მთავარი მესიჯი გაუგზავნა: თქვენ ხართ ევროპა და ევროპისკენ მიმავალი გზა მხოლოდ თქვენს ხელშია!”.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მიმართვის მთავარი მიზანი „იმ ფასის აღნიშვნაა, რომელიც ქართველმა ხალხმა რუსული აგრესიის გამო გადაიხადა, ასევე, იმ მიღწევების მნიშვნელობის გახსენება, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირმა, ქართველმა ხალხმა და მთავრობებმა შეძლეს“, „იმის ახსნა, რომ ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს, ისე, როგორც ოჯახის წევრი ითხოვს აღიარებას, დაცვასა და მხარდაჭერას“.

„კანდიდატის სტატუსი ნამდვილად აღიარების ტოლფასი იქნება – ევროპული იდენტობისათვის ქართველი ხალხის დაუღალავი ბრძოლის აღიარება. თუ ვინმეს ესმის არსებული ნაკლოვანებები, პირველები ჩვენ ვართ. ჩვენ არ გვსურს მათ ჩვენი მიღწევები გადაფარონ, ის გასაოცარი პროგრესი, რასაც ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმებით, ბოლო 30 წელიწადში მივაღწიეთ“.

აღნიშნა რა, რომ „ჩვენ არ ვართ იდეალურები“, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „მომდევნო თვეებში ჩვენი ერთობლივი მიზანი იქნება, რათა მეორე შანსი ხელიდან არ გავუშვათ“. „ამას ქართველ ხალხი არ გვაპატიებს!“.

„კანდიდატის სტატუსი უზრუნველყოფს საქართველოს დაცვასა და უსაფრთხოებას, დაცვას რუსეთისაგან. რუსეთი დღემდე განაგრძობს ოკუპაციასა და ჰიბრიდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – თქვა მან და დასძინა: „რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროპაა, რომ ევროპა მომართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი“. მანვე ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში ფარულად ქულების დაწერას ცდილობს, იქნება ეს ფრენების აღდგენა, ვიზების გაუქმება, თუ სავაჭრო კავშირების გაძლიერება.

„ყველაფერი შექმნილია ადგილობრივი დაძაბულობის, არეულობისა და ესკალაციისათვის. ამის დაშვება არ შეიძლება – არც საქართველოსათვის და არც ევროპისათვის. როგორც ევროპა ეხმარება უკრაინას შეეწინააღმდეგოს სასტიკ ძალას, ასევე, საჭიროა, ევროპა დაეხმაროს ქართველ ხალხს შეეწინააღმდეგოს ამ შეფარულ ზეწოლას“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა: „სწორედ ეს არის კანდიდატის სტატუსი: განზრახვის შესახებ ნათელი განაცხადი და არა კონფრონტაცია… კანდიდატის სტატუსი გაამყარებს საქართველოს, როგორც პროევროპული ძალის როლს რეგიონში… კანდიდატის სტატუსი ნამდვილად დაიცავს დემოკრატიას“.

ომი უკრაინაში

სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე საუბარს დაუთმო და თქვა, რომ ის, რასაც უკრაინამ 2022 წელს მიაღწია, არის ის, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ 1992 და 2008 წლებში და რასაც უკრაინამ 2014-2015 წლებში ვერ მიაღწია. „მიაღწია იმას, რომ მსოფლიოს თვალი აუხილა და დაანახა რუსეთის ნამდვილი სახე; დაანახა, რომ მითები რუსული დამცირებისა და რუსული დაუცველობის შესახებ სწორედ, რომ მითებია აგრესიისა და ომების გასამართლებლად. მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გაიაზროს, რომ მასაც აქვს საზღვრები“.

მანვე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად ნატოს გაფართოების შესახებ არგუმენტიც გააკრიტიკა და თქვა, რომ „ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება არასდროს ყოფილა რუსული თავდასხმის საფუძველი“. „ამის საფუძველი რუსეთის გადაულახავი იმპერიალისტური ბუნებაა… იყო დამყოლი და არა მიზანდასახული – ეს არის ის, რაც რუსულ აგრესიას კვებავს. სხვათა დაკმაყოფილება ჯერ არასად უმუშავია“, – ხაზი გაუსვა მან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხდა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. „დაიმსხვრა მითი მისი უძლეველობის შესახებ, დაკარგა სტრატეგიული უპირატესობა, დაკარგა ევროპელების გახლეჩისა და მათ სისუსტეებზე თამაშის შესაძლებლობა“. „უკრაინული გამძლეობა და სიძლიერე, შვედური და ფინური ისტორიული არჩევანი და ევროპული ძალა – რუსეთმა ეს ყველაფერი ვერ გათვალა!“, – დაამატა მან.

„დღეს მსოფლიო გაყოფილია, ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც ვერ ბედავს წარმოიდგინოს, რომ რუსეთი აღარ არის დაუმარცხებელი და აგებს, და მეორე მხარეს ისინი, ვისაც ესმის, რომ ახალი მსოფლიო იბადება“, – თქვა მან და დასძინა: „სწორედ ამიტომ, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება როდის დაიწყოს მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებები და ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა არის ის მშვიდობა, რომელიც რუსეთს ნებისმიერ, უცხო მიწაზე უარის თქმას აიძულებს“.

„სწორედ ამიტომ ვაკეთებ საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განაცხადს. მე ასევე, განაცხადს ვაკეთებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლების სახელით. ეს მომავალი მათთვისაცაა! ის ერთადერთია, რომელიც მათ თავისუფლებას, დაცვასა და იდენტობას უზრუნველყოფს. მე ვდგავარ სოხუმში გუშინ გამართული აქციის მონაწილეთა გვერდით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ მოწოდებით: ,,აფხაზეთი არ იყიდება, ჩვენ რუსებს არ რუსეთს დავუთმობთ!“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version