ტერორიზმის ბრალდებით სუს-მა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 17 მაისს განაცხადა, რომ ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას გეგმავდნენ, რის შესახებაც პარტნიორ ქვეყნებს აცნობეს.

ამასთან, უწყებამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და „გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი“ სხვადასხვა მტკიცებულება ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version