ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 25 მარტი

პუტინიბირთვული უქმე

შაბათის უქმეზე, უკრაინელი ბავშვების გენოციდში ეჭვმიტანილმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს და ბელარუსს ამ იარაღის შესანახად, სპეციალური საცავების მოწყობაშიც დაეხმარება. კრემლის თავკაცი ირწმუნება, რომ ეს თემა უკვე შეთანხმებულია ალექსანდრ ლუკაშენკასთან და ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებით, რუსეთი არ დაარღვევს „ბირთვული გაუვრცელებლობის“ საერთაშორისო რეჟიმს, რადგან არ აპირებს ამ იარაღის ბელარუსის უშუალო სარგებლობაში გადაცემას. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ბელარუს სამხედროებს ასწავლიან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, სწორედ ისე, როგორც ამას ამერიკელები აკეთებენ ევროპაში. პუტინის განმარტებით, მისი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ბრიტანეთმა ჩელენჯერ 2-ის ტანკებისთვის უკრაინას გაღარიბებული (დაქვეითებული აქტივობის) ურანის ჭურვები გადასცა. გაღარიბებული ურანი რომ ჯავშანგამტანი მეტალია და ბირთვულ იარაღთან კავშირი არა აქვს, ეს კრემლს, ჩანს, სულაც არ აინტერესებს.



ძირს მეფე, გაუმარჯოს რესპუბლიკას

მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმა პარლამენტის გვერდის ავლით გაიტანა, საფრანგეთი მასობრივმა დემონსტრაციებმა და ქუჩის მღელვარებამ მოიცვა. ორიოდე დღის წინ, დემონსტრანტებმა ბორდოს მერიის შენობა ცეცხლის ალში გახვიეს, პარიზსა და სხვა ქალაქებში კი, პოლიციას ხშირად ძალის გამოყენება უწევს. პოლიციის ზოგიერთი დანაყოფი იმდენად გაერთო ძალადობით, რომ ფრანგულ პრესას მყის გაახსენდა, რომ საპოლიციო რეფორმა ისეთივე მიგდებულია ეს ოცდაათიოდე წელია, როგორც საპენსიო რეფორმა იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ  ახლახანს ტახტზე ასულმა გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ საფრანგეთში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა. უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე, მეფეს ვიზიტის გაუქმება თავად მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სთხოვა. დიდი ბრიტანეთის ახალ მონარქს საფრანგეთში თავისი სამდღიანი ვიზიტით ევროკავშირიდან ხმაურით წამოსვლის ფონზე, სამეფოს ევროპასთან სიახლოვის სიმტკიცე უნდა გაესხივებინა. მეფეს მოცდა მოუწევს, რადგან ფრანგ თავკაცებს სამეფო მასპინძლობისთვის არც სათანადო გუნება-განწყობა აქვთ და არც მოცალეობა.

ერდოღანის გაზაფხული

მაისში, მეზობელ თურქეთში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელმაც შესაძლოა თურქეთის პოლიტიკურ სისტემაზე რეჯეფ ტაიფ ერდოღანის 20 წლიანი დომინაცია დაასრულოს. თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალა – „რესპუბლიკური ხალხის პარტია“ მეტად იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ ერდოღანის სისტემის საჯარო მოხელეები ახალი წესრიგისთვის თადარიგს იჭერენ. ასეთი ოპტიმიზმისა და თვითდაჯერებულობის საფუძველს თურქულ ოპოზიციას ბოლო ხანს ჩატარებული გამოკითხვები აძლევს, რომლის თანახმადაც ოპოზიციური ძალები თურქეთის პრეზიდენტის „სამრთლიანობისა და განვითარების პარტიას“ 10 პუნქტით უსწრებენ. ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელი ორი დეკადის განმავლობაში, ერდოღანმა მოიგო ორი საპრეზიდენტო და ხუთი საპარლამენტო არჩევნები, ასევე გაიმარჯვა სამ რეფერენდუმში. ამბობენ, რომ თებერვალში მომხდარმა გამანადგურებელმა მიწისძვრამ, თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკური მდგომარეობაც გვარიანად შეარყია, რაც შესაძლოა მისი პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი გახდეს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ნატო-ს დანარჩენი მოკავშირეებისგან განსხვავებით, ერდოღანის თურქეთი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ინარჩუნებს და შვედეთის ნატო-ში წევრობას ბლოკავს.

გერმანული სიძუნწე თუ პოლონური სიხარბე

უკრაინის შეიარაღების თემაზე პოლონეთი გერმანიას ხელმომჭირნეობას ედავება. „გერმანიამ უკრაინას უნდა გაუგზავნოს მეტი შეიარაღება, მეტი ტყვია-წამალი და მეტი ფული, რადგან გერმანია არის ყველაზე დიდი და ყველაზე მდიდარი ქვეყანა“ – ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი და ბერლინს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.  ბატონი მორავეცკი თავის გერმანულ ბრალდებებში უფრო შორსაც წავიდა, გერმანელებს რუსეთის მიმართ წარმოებული გაზისა და ნავთობის მცდარი პოლიტიკა შეახსენა და თქვა, რომ ბერლინიც პასუხიმგებელია იმაზე, რაც უკრაინაში ხდება.  მართალია, პოლონეთის ბრალდებებს შესაძლოა გარკვეული დაფუძნება აქვს, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ გერმანიას ყველაზე დიდი შენატანები შეაქვს ევროკავშირის იმ ფონდში (ევროპის მშვიდობის ფონდი), რომელიც ევროპულ ქვეყნებს უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას ნაწილობრივ უნაზღაურებს, მათ შორის პოლონეთიცაა, რომელსაც სულაც არ რცხვენია უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების ასანაზღაურებლად ანგარიშების წარდგენა.

აღმოსავლეთის” ფრონტზე ცვლილებების გარეშე

ამასობაში, ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, რომ ბახმუტის მიმართულებაზე შეიმჩნევა რუსული სამხედრო ძალების გამოფიტვა, იერიშის ინტენსივობის კლება და შეტევითი სამხედრო ოპერაციების შეფერხება. ბრიტანეთის სამხედრო მზვერავების დაკვირვებით, რუსული მხარე ქალაქის ირგვლივ უფრო თავდაცვითი ხასიათის პოზიციურ ბრძოლების წარმოებაზე გადავიდა და ყურადღება ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაიტანა. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბიც ადასტურებს და ამბობს, რომ ბახმუტის ფრონტზე მათ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონურ გამოცემასთან საუბარში კი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტყვია-წამლისა და შეიარაღების ნაკლებობის გამო,  სერიოზულ კონტრშეტევაზე გადასვლის საშუალება არ ეძლევათ.    

Back to top button