„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ პოლიციამ აქციის სტუდენტების დაშინება სცადა

მარტის დასაწყისში, თბილისში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციების საპასუხოდ, ხელისუფლების სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით, „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ 18 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ პოლიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. „ბაგების“ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შევიდა და სტუდენტების პერსონალური მონაცემები შეაგროვა.

მოძრაობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება 7-9 მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდების „გასანეიტრალებლად“ და „დასაშინებლად“ სხვადასხვა გზებს ეძებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საპოლიციო რეჟიმი აქტიურ მოქმედებას იწყებს… პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა. როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება“.

„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის პროფესორებს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისა და მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა. მოძრაობის აზრით, „აღნიშნული ფაქტი არის პირდაპირი გზავნილი სტუდენტებისთვის, რომ თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინაღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს“.

თსუ-ის სტუდენტური მომსახურებისა და კარიერის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი გრიგოლაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებელში სამართალდამცველები „ყოველ წელიწადს სისტემატურად“ მიდიან. „…არა მარტო სტუდენტების მონაცემები შეგროვდა, იქ ჩვენი თანამშრომლებიც ცხოვრობენ, რა დასახლებული ადგილებიცაა იქაც იყვნენ ჩვეულებრივად“.

საკითხს 22 მარტს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო და განმარტა, რომ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრები „გეგმიურად“ იმყოფებოდნენ და ვიზიტისას ადგილობრივებს „რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავთ“. შსს-მ მოუწოდა „ყველა პირს, ახალგაზრდულ მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ინტერესის გამო თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.

17 მარტს აქციებში მონაწილე სტუდენტებს ახალი ომბუდსმენი, ლევან იოსელიანიც შეხვდა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. მანამდე, მისივე თქმით, „სტუდენტებმა სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს“. ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა დაიცვას ყველა ის მოქალაქე, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოხატვის უფლება ირღვევა და გრძნობს რაიმე ტიპის საფრთხეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ამავდროულად, სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი განათლების სამინისტროშიც დაიბარეს, რაც სამინისტრომ არ დაადასტურა. „სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასშტაბურის საპროტესტო აქციების ფონზე, სადავო კანონპროექტების იძულებითი გაწვევის შემდეგ, „იმედთან“ ინტერვიუში 7-9 მარტის აქციებზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებები საზოგადოების ნაწილში დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტების მიმართ მუქარად იქნა აღქმული.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ბევრი ახალგაზრდა, ვინც მონაწილეობას იღებდა აქციებში, მოწვეული იყო „დესტრუქციული, ანარქისტული“ მოძრაობის წევრების მიერ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციით. „ნურავის ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით, ვინ ვინ არის, ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, ვაშაძის პარტია და სხვები. “, – განაცხადა მან.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 22 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version