მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოფიციალურად თქვა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ინიციატივის დადებით მხარეებზე დაიწყეს საუბარი.

ქვემოთ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ქართული ოცნების“ მმართველი რგოლის წარმომადგენლების შეფასებებია მოცემული:

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „თქვენ ხედავთ, რომ ამერიკაში მოქმედებს ანალოგიური კანონი, ბევრად უფრო მკაცრი, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, ჩვენ ასეთი მკაცრი კანონის მიღება გვგონია, რომ არ არის სწორი. რაც შეეხება ევროპას, იქაც დაიწყეს მსჯელობა ასეთი კანონის მიღებასთან დაკავშირებით, პირდაპირ EPP-ის [ევროპის სახალხო პარტიის] წარმომადგენელი გამოვიდა და მათ დაიწყეს ამ საკითხის ინიცირება და ისინი საუბრობენ ამერიკული კანონის კოპირებაზე. როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს წინააღმდეგობა ევროინტეგრაციასთან ან სხვა საკითხებთან? ეს არის წარმოუდგენელი… აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად არარელევანტურია მსჯელობა იმაზე, რომ ამ კანონპროექტმა, შესაძლოა, შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაცია“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „აქ [საუბარი] არის გამჭვირვალობაზე… შენი ქვეყნის გარედან იღებ თუ არა შენ დაფინანსებას და რა სახით, რომ ეს ერთ რეესტრში იყოს მოქცეული, რომ კაცმა საშემოსავლო კი არ თვალოს, მერე გრანტების რეესტრში, ეს გრანტი იმან მიიღო, ეს გრანტი ამან მიიღო. მერე წამოვიდეს აქ და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებში იქექოს, მაშინ უნდა დასჭირდეს ადამიანს, გაერკვეს ამ ყველაფერში, საბუღალტრო რევიზორები სჭირდება, ერთი 10 კაცის დაქირავება, რომ ამოიღოს ეს ყველაფერი. აქ გამარტივებასა და სიმარტივეზეა საუბარი, რომ ერთი რეესტრი და ერთი მიმართულებით ვალდებულება იყოს“.

თეა წულუკიანი – კულტურის მინისტრი/ვიცე-პრემიერი: „ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ ენჯეოში არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონობით ლარს მართავენ და პლუს, ძალიან აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი პროცესების მართვაში. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც უფრო გამჭვირვალე გახდეს“.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version