ირაკლი კობახიძე „მეორე ფრონტის“, „რადიკალური ოპოზიციისა“ და ლავროვის განცხადების შესახებ საუბრობს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 18 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი Live-ში“ სტუმრობისას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე, „რადიკალურ ოპოზიციაზე“, კანდიდატის სტატუსსა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. მანვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმულ ქებასაც უპასუხა.

ომი უკრაინაში და „მეორე ფრონტი“

ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უკრაინაში მიმდინარე ომი დაასახელა და დასძიანა, რომ წელსაც „მოგვიწეევს ძალიან ფრთხილად სიარული“. მისივე თქმით, ქართველი საზოგადოების სიფრთხილის და სიტუაციის ჯანსაღი შეფასების წყალობით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება მოხერხდა, „რისკები კვლავაც რჩება“.

ამ კონტექსტში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „სერიოზული ძალების“ მხრიდან, რომელსაც მანვე „გლობლური ომის პარტია“ უწოდა, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ამის ერთ-ერთ მაგალითად, ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის წამყვანის, ქრისტიან ამანპურის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შესაძლო შეტანაზე დასმული კითხვა დაასახელა.

„ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს შეუქმნას ხელოვნურად პრობლემები, [რომლის] მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი – ესკალაცია და საბოლოო ჯამში, ამის შედეგი უნდა იყოს მეორე ფრონტი“.

შიდა პოლიტიკური სტაბილურობა

ირაკლი კობახიძემ შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის „რადიკალური ოპოზიციის“ დასუსტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ეს არის ერთადერთი გასაღები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებას და სიმშვიდის შენარჩუნებას“.

ამ კონტექსტში, მან პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ახლა ისინი რადიკალიზმს საკუთარი პარტიის შიგნით აღვივებენ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა…, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება კარგი იქნება, როგორც დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის, ისე ოპოზიციის გაძლიერებისთვის“.

კობახიძემ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არ არის კვლავ მელია იქნება პარტიის თავმჯდომარე, თუ ამ პოსტს ლევან ხაბეიშვილი დაიკავებს. „მთავარი არის ის, რომ პროცესები განვითარდეს „ნაც. მოძრაობის“ დასუსტების მიმართულებით და ეს ასეც მოხდება. საბოლოო ჯამში, პროცესები მივა პარტიის გაყოფამდე და ეს არის მნიშვნველოვნი იმისათვის, რომ დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია“.

კანდიდატის სტატუსი

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაშიც მისივე თქმით, „გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიც ხელს შეგვიწყობს“.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას „ბევრად უსწრებს“ და მათზე „ერთი თავით მაღლა“ დგას. „საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავისით შეავსო კითხვარი, უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში, სხვებმა შეუვსეს კითხვარი, არ დავაკონკრეტებ ეს ვინ იყო“, – აღნიშნა მან.

ქართული ოცნების თავმჯდომრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ „საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“. „[რეკომენდაციების] 12 პუნტქთან დაკავშირებითაც ზედმიწევნით გავყევით თითოეულ ამ პუნქტს და შესრულდა შესაბამისი მოთხოვნები… იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“.

ლავროვის ქებაზე პასუხი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ ქების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ შეაფასებს ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ აღმოსვლეთი, არამედ ის, რომ მმართველი გუნდი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით.

რაც შეეხება საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე ასევე ლავროვის განცხადებას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, 2019 წელს, რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად შეწყვეტამ რუსეთში მცხოვრები საქართველოს უამრავი მოქალაქე დააზარალა. „თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.

მიხეილ სააკაშვილი

ინტერვიუს ბოლოს, ირაკლი კობახიძემ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი „ღირსებით ვერ შეხვდა საკუთარ პატიმრობას და ყველაფერს კადულობს იმისათვის, რომ გარეთ გამოვიდეს“. „ამას თუ აყვება ხელისუფლება, გამოდის, რომ სამართლის უზენაესობას პატივს არ სცემს“.

კობახიძემ ასევე განაცხდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა „არის თავიდან-ბოლომდე პოლიტიკური“ და ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. მანვე სააკაშვილის ლობისტები მისთვის ფუჭი იმედების მიცემაშიც დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ტყუილებით „ისინი წაახალისებენ თვითდაზიანებას [და] თუ შეწყვეტენ ისინი ასეთ წახალისებას, ეს უკეთესი იქნება თავად სააკაშვილისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version