საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „უკანონო ანექსიას“

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას“, – განაცხადა 1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო უწყების თქმით, „ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს“.

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის მიერ ჩატარებული „ყალბი რეფერენდუმების გაფორმება“ 30 სექტემბერსვე დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ „ძალისმიერ ანექსიას“ არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.

რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ფორმალურ ანექსიას ჯერ არ გამოხმაურებია საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.


30 სექტემბერს, რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ფორმალურ ანექსიას წინ 4-დღიანი „რეფერენდუმები“ უძღვოდა, რომელიც დაგმეს ოფიციალურმა კიევმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხალხს „რეფერენდუმების“ დასრულებამდე ოკუპირებული რეგიონების დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები, გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანებს მათში მონაწილეობას აიძულებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version