„ქართული ოცნება“ 2024 წლიდან ელექტრონული არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა 13 სექტემბერს, რომ საარჩევნო რეფორმის თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის ფარგლებში, მმართველი პარტია შეიმუშავებს კანონპროექტს 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

შემოთავაზებული კანონპროექტით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ „ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, ელექტრონული სისტემა ხმების დათვლის პროცესს დააჩქარებს, შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში უზრუნველყოფს და „მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს“. მმართვალი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) დაუპირისპირდა და მას განზრახ მანიპულირებაში დასდო ბრალი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად და ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით.

მან ასევე განმარტა, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ელექტრონული ხმის მიცემის პროცესმა წარმატებით ჩაიარა გასული წლის არჩევნების დროს კრწანისის რაიონში, ასევე წელს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტია კანონპროექტს უახლოეს დღეებში შეიმუშავებს, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე „გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო უბნების ხმის მიცემის აპარატურით აღჭურვისათვის“.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version