ქართული ოცნება მზადაა საარჩევნო ბარიერი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დაწიოს

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ქართული ოცნება მზად არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი დაწიოს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის „გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს“, თუმცა „ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის „მინიჭება „საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს“, რაც თავის მხრივ, საარჩევნო ბარიერის დაწევის წინაპირობაც იქნება, რადგანაც „რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი“.

მისივე მოსაზრებით, ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, სრულად პროპორციული არჩევნები და 2%-იანი ბარიერი „2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის“.

აღნიშნა რა, რომ გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2%-ზე მეტი (ჯამში ხმების 42%) ნაციონალური მოძრაობის გარდა, კიდევ ორმა მისმა „სატელიტმა პარტიამ“ მიიღო, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ბარიერის დაწევის შემთხვევაში, ენმ-ის მიერ „ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება“.

„[თუმცა], დარწმუნებულნი ვართ, ნაციონალურ მოძრაობას თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“, – თქვა მან სიტყვის დასასრულს.

არსებული კანონმდებლობით, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები კი – ბუნებრივიდან 2%-მდე საარჩევნო ბარიერით უნდა ჩატარებულიყო. ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ცალმხრივად გასული წლის ივლისში ცალმხრივად დატოვა.

ოპოზიციის გამოხმაურება

ქართული ოცნების ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ „პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს“, რაც არის „აბსურდი“.

„ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ევროკავშირს დამატებითი ულტიმატუმები წავუყენოთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მმართველი გუნდი ამ განცხადებებით კიდევ უფრო აშორებს „კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის [დადებით] გადაწყვეტილებას“.

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, არის „პროცესის სიმულაცია“, რაშიც „ჩვენ კიდევ 6 თვეს დავკარგავთ“ და „შეიძლება დავკარგოთ პერსპექტივა[ც] უახლოეს წლებში ევროკავშირის სტატუსის მიღების“. „ეს არის ულტიმატუმი ოპოზიციის მისამართით, ხალხის მისამართით და დასავლეთის მისამართით… ასეთ რამეს ამბობენ – თუ სტატუსს არ მოგვცემთ, მოვიქცევით უფრო ცუდად, გავხდებით უდრო ცუდები“, – თქვა მან.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ „კატეგორიულად მიუღებელია“, რომ „საარჩევნო ბარიერის საკითხი ვაჭრობის საგანი გახდეს“. „არ შეიძლება ეს საკითხი იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი და არ შეიძლება, რომ უმნიშვნელოვანესმა საკითხებმა, რომელზეც ჩვენ საშინაო დავალება გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან, გადაინაცვლოს და ის მეორეხარისხოვანი გახდეს“.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს ქართულ ოცნებას იმის რესურსი აქვს, ევროკომისიას ევაჭროს…, დაბალი ბარიერი ევროკომისიას არ სჭირდება, დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება“, – აღნიშნა პარტია მოქალაქეების დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა. მანვე დასძინა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა „კონკრეტული დღის წესრიგი მოგვცეს“ და კანდიდატის სტატუსს სწორედ მისი შესრულების შემთხვევაში მივიღებთ.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოს მთავრობა უყენებს პირობებს ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას დროას ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრის, ლაშა დამენიას თქმით, ქართული ოცნების „უტიფარი განცხადებები“ და „მათი სავაჭრო შემოთავაზებები“ მათ ამოცანას არ ცვლის. „ჩვენი ამოცანა კვლავ შეუცვლელი რჩება, რაც შეიძლება მალე მოვაშოროთ ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებას“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version