skip to content
დაწურულადევროპა

პოლიტიკური გაურკვევლობა ავსტრიაში

ავსტრიის პოლიტიკას არეულობა არ აკლია. ჯერ იყო და, 2019 წელს, პოლიტიკაში რუსული ფულის გავლენის გამო ატეხილმა იბიცას სკანდალმა მთელი მთავრობა გადაიყოლა, რამდენიმე კვირის წინ კი ქვეყნის პოლიტიკური ყოფა კიდევ ერთხელ დადგა თავდაყირა. ამჯერად სამთავრობო კოალიციაში შემავალი სახალხო პარტიის (ÖVP) ლიდერებს მიადგათ კორუფციის ჩრდილი. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, ყოფილი თუ მოქმედი მინისტრების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. მოქალაქეთა აღშფოთებამ კანცლერი სებასტიან კურცი 9 ოქტომბერს აიძულა, გადამდგარიყო, იმ იმედით, რომ მმართველი კოალიცია ძალაუფლებას შეინარჩუნებდა.

რა მოხდა ასეთი?

2017 წელს, ავსტრიის რამდენიმე გაზეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გამოქვეყნდა, რომელიც კურცს წარმატებას უქადდა. იმ დროს, სებასტიან კურცი ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და არ აპირებდა, ამით დაკმაყოფილებულიყო. კანცლერობისთვის, შიდაპარტიული ბრძოლის მოგება იყო საჭირო. ბრალდების აზრით, კურცმა და მისმა ახლო გარემოცვამ შემდეგი რამ მოიფიქრეს – პრესაში ავსტრიის სახალხო პარტიის შესახებ უარყოფითი სტატიები უნდა გამოქვეყნებულიყო, ხოლო დაბალი რეიტინგის მიზეზად მაშინდელი ხელმძღვანელი, რაინოლდ მითერლენერი უნდა დასახელებულიყო. ამასთან მხსნელად სებასტიან კურცი უნდა წარმოეჩინათ.

საკვანძო თანამოაზრე სწრაფადვე იპოვეს: მაშინდელი მინისტრი, სოფი კარმაზინი, რომელსაც მოსახლეობის აზრის კვლევის ინსტიტუტი ჰქონდა. ეკონომიკის სამინისტროს ხარჯით სწორედ მასთან დაუკვეთეს ხალხის აზრის გამოკითხვა. ბრალმდებლების თქმით, ამ “გამოკითხვებს” კარმაზინის დიდი ხნის კომპანიონი და მეგობარი, საბინე ბანშაიბი ქმნიდა და პროცენტებსაც იქ ამატებდა, სადაც პარტიული მეგობრები ურჩევდნენ.

როგორც გამოირკვა, კურცი თავის განმადიდებელ კვლევებს აყალბებდა.

გამოძიების მიხედვით, სულ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მსგავსი გამოკითხვა დაფინანსდა, რაც რამდენიმე მილიონი ევრო დაჯდა.

ეს გაყალბებული გამოკითხვები ქვეყნდებოდა ავსტრიის რამდენიმე გაზეთში, მათ შორის „Österreich“-ში, რომელსაც ამისთვის ჯამში, 1.2 მილიონამდე ევრო გადაუხადეს ბიუჯეტიდან. ზემოთ, ფოტოზე ერთ-ერთ მათგანს ხედავთ, სადაც ისე ჩანს, რომ სებასტიან კურცი, პარტიის თავი და მომავალი კანცლერი, პროცენტულად ლიდერობს და პარტიის ძველ ხელმძღვანეზე ერთი თავით მაღლა დგას. ბრალდება იმასაც ამბობს, რომ ამ გაზეთის მფობელს, ვოლფგანგ ფელნერს, ადრევე გაურიგდნენ და მან იცოდა, რომ გამოკვლევები ყალბი იყო.

რა დააშავა კურცმა?

ავსტრიის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაწყებული გამოძიება, ერთი თვის წინათ, სებასტიან კურცსაც მიადგა, რომელიც უარობს, რომ კორუფციულ გარიგებაზე რამე იცოდა. გამოძიება ცდილობს, უტყუარი სამხილები მოიპოვოს. ჯერჯერობით, არსებობს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ კურცმა იცოდა გამოკითხვების შესახებ.

სულ რაღაც ორ კვირაში, ყოფილ კანცლერს ოფიციალურად მოეხსნება სადეპუტატო იმუნიტეტი, რაც გამოძიებას მეტ შესაძლებლობას მისცემს, გაერკვეს საქმეში და კარგად მოიკვლიოს ყოფილი კანცლერის ბრალეულობა.

ავსტრიის სახალხო პარტია სკანდალისაგან შორს გადგომას ცდილობს და განაცხადა, კურცს ხელს არ დავაფარებთ და მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვუჭერთო. იმუნიტეტის მოხსნას კურციც დაეთანხმა და მიესალმა: ეს ჩემი სიმართლის დამტკიცებას გამომარტივებსო. გადადგომის მიუხედავად, ის პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას ინარჩუნებს და ავსტრიის პარლამენტის წევრიცაა. პრესა ამბობს, კურცი რის კურცია, ოლიმპოზე დაბრუნებაზე ხელი აიღოსო.

დაბრუნება?

იმის დასადგენად, თუ რა შანსი აქვს სებასტიან კურცს, მესამე ვადით გახდეს კანცლერი,  თვალი შვევლოთ ავსტრიელების პოლიტიკურ განწყობას.

2019 წლის არჩევნებში ავსტრიის სახალხო პარტიამ (ÖVP) ხმების 37,5 პროცენტის აღება მოახერხა. ბოლო დღეებში ჩატარებული გამოკითხვებით კი კორუფციის სკანდალმა პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ მცირე, 13-14 პროცენტით შეამცირა. ახლა ქვეყნის სამი მთავარი პარტია – ავსტრიის სახალხო პარტია (ÖVP), სოციალ-დემოკრატები (SPÖ) და თავისუფლების პარტია (FPÖ), მხარდამჭერთა რაოდენობით, თითქმის ერთ დონეზე დგანან. მწვანეებსა (Grünen) და “ახალ ავსტრია, ლიბერალურ ფორუმს” (NEOS) გვარიანად მოემატათ მომხრეები.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სახალხო პარტიის მხარდამჭერთა წილი კვლავაც იკლებს, რთული წარმოსადგენია, ძირეული ცვლილების გარეშე არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდნენ. პირადად სებასტიან კურცს კი ახლა ყველაზე ნაკლებად აქვს ხალხის მხარდაჭერა. ავსტრიული საზოგადოებრივი განწყობის ინსტიტუტის გამოკითხვით, ამ ორიოდ დღის წინათ გამოკითხულთა 73 პროცენტი არ ისურვებდა კურცის კანცლერად მობრუნებას.

კანცლერობის შანსი სოციალდემოკრატებისთვის?

კურცის გადადგომის შემდეგ, სამთავრობო კოალიცია დაშლას გადაურჩა და მისი ადგილი თანაპარტიელმა, ალექსანდერ შალენბერგმა დაიკავა. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, კოალიციაში შემავალი ორივე პარტიის მხარდაჭერის ნიშნული მცირდება, სახალხო პარტიისა, მისი წევრების კორუფციაში დადანაშაულების გამო, ხოლო მათი უმცროსი პარტნიორის, მწვანეებისა კი იმის გამო, რომ კოალიციის დაშლაზე უარი განაცხადეს.

71,4 Prozent für Rendi-Wagner: „Damit ist die Diskussion über den  SPÖ-Vorsitz beendet.“ | vorwärts
პამელა რენდი-ვაგნერი, სოციალისტების ახლანდელი ლიდერი, კანცლერობისთვის საბრძოლველად მზადაა. ფოტო:

ამის ფონზე, მხარდამჭერები ემატებათ სოციალ-დემოკრატებს, ავსტრიული პოლიტიკის მეორე დიდ მოთამაშეს. სამომავლოდ, ექსპერტების შეფასებით, ყველაზე კარგი შანსი, არჩევნებში გამარჯვებისა სწორედ მათ აქვთ, კანცლერობის სამომავლო კანდიდატი კი მისი თავქალი, პამელა რენდი-ვაგნერი შეიძლება გახდეს.

მსგავსი/Related

Back to top button