სააკაშვილის მკურნალობის ადგილის საკითხი კვლავაც დაპირისპირების საგანია

ბოლო რამდენიმე დღეა, პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი განსჯისა და დაპირისპირების საგანია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რასაც სხვადასხვა რისკის გათვალისწინებით, სააკაშვილის პირადი მკურნალი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი არ ეთანხმებიან.

საქართველოს მთავრობის პოზიცია

დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მინისტრის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით 13 ოქტომბრის კონსილიუმის დასკვნაში საუბარია „მულტიპროფილურ“ კლინიკაზე, რაც მაინცდამაინც სამოქალაქო საავადმყოფოს არ გულისხმობს. ექიმებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბრეგაძემ ისიც თქვა, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება „მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“.

ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულების მონახულების შემდეგ, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ გადაუდებელი დახმარების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის მიმართულებით უსაფრთხო სერვისისთვის ადგილზე სრული აღჭურვილობაა.

სააკაშვილის კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ბოლო დღეებში, პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი „არ იქნება პრივილეგირებული“ და საჭიროების შემთხვევაში მას ციხის მე-18 საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გეგმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაყვანის მიზეზით, „დაიწყებდა სიმულიანტობას“, თითქოს შიმშილობისას მისი მდგომარეობა დამძიმდა, 30 ოქტომბერს კი – მხარდამჭერები ყოფილ პრეზიდენტს საავადმყოფოდან „გაიყვანდნენ“ და „გაათავისუფლებდნენ“. „[სხვა გეგმების მსგავსად,] ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც“, – დასძინა მან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სტაციონარული გეგმიური მომსახურებისთვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 585 პატიმარი გაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადება

იუსტიციის მინისტრის განცხადებას „წვრილფეხა ტყუილი“ უწოდეს სააკაშვილის ადვოკატებმა. ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მთავრობის „ქოლგის ქვეშ“ შექმნილმა კონსილიუმმა გარკვევით თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს „მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტორეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და დუპლექს სკანირების გაკეთება“, რაც ციხის საავადმყოფოში შესაძლებელი არ იქნება.

მისი თქმით, ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაცვლად, „პოლიტიკური გადაწყვეტილებებით“ მოქმედებს, ყოფილ პრეზიდენტს „წირავს“ და „მის სიცოცხლეს აყენებს დიდი საფრთხის წინაშე“.

ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასებით, ხელისუფლება არ ითვალისწინებს უსაფრთხოების კუთხით შესაძლო რისკებსაც. მისი თქმით, „ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი, არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში“.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე, ციხის მე-18 სამკურნალოში სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთოხების შესაძლო რისკებზე გაამახვილა ყურადღება ექსპრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც. მისი ცნობით, „ხელისუფლების მხრიდან, იქნება [ციხის] იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით“.

ამ განცხადების გამო, ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ექიმების პოზიცია

დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.

„საკმაოდ მკაფიოდ არის განსაზღვრული ყველაფერი, რა ანალიზებია გასაკეთებელი რა შემთხვევაში უნდა დადგეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და რა ტიპის ჰოსპიტალი არის რეკომენდებული – მრავალპროფილური, კვალიფიციური ჰოსპიტალი – C კატეგორიის“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ, C კატეგორიის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას გაუსვა ხაზი კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ. „ჩვენ მკაცრად მოვითხოვეთ, რომ ყოფილიყო ყველა იმ ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობა, რაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში“, – განუცხადა შარაშენიძემ „მთავარ არხს“.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილურად შეესაბამება შიმშილობის ვადას“ და მას ჯერჯერობით „სიცოცხლისთვის საშიში გართულებები“ არ ჰქონია.

„სამოქალაქო საქართველო“ კონსილიუმის დასკვნის უფრო მეტი დეტალის გარკვევას შეეცადა. იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ მათ დოკუმენტზე ხელი არ მიუწვდებათ. ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში თქვეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

სახალხო დამცველის განცხადება

მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის ციხის სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა სახალხო დამცველის აპარატმა, რომელმაც 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ „სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით“, იქ არსებული ვითარება კონსილიუმის დასკვნასა და რეკომენდაციებს „სრულად არ შეესაბამება“.

ომბუდსმენის თქმით, დაწესებულებას ექიმთა ჯგუფის მიერ რეკომენდებული პროცედურებისთვის საჭირო პირობები არა აქვს: კერძოდ, შეუძლებელია მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და დუპლექს-სკანირება. ასევე, სახალხო დამცველის თქმით, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმი რეანიმატოლოგი. საპასუხოდ, დღეს იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ მე-18 დაწესებულებაში რეანიმატოლოგი უკვე არის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ომბუდსმენი აცხადებს, რომ დღის წესრიგში დადგება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა ისიც, რომ „არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით“. მისი თქმით, პალატაში, რომელშიც მიხელ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებულნი, რომელთაც ყოფილ პრეზიდენტთან „ინტერესთა კონფლიქტი“ აქვთ.

ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად დაწესებულების ადმინისტრაციის გაცხადებული მზადყოფნისა, „დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება“, თავად დაწესებულების „ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან [სააკაშვილისადმი] ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს“.


მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს დააკავეს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე მან საქართველოში გადაღებული ვიდეოები გაასაჯაროვა. პროკურატურის ინფორმაციით, იგი ფოთის პორტში სატვირთო გემით ფარულად 28 სექტემბერს ჩამოვიდა. ყოფილი პრეზიდენტი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და ხელისუფლებაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.

სააკაშვილს ქართულმა მართლმსაჯულებამ ბრალი რამდენიმე საქმეზე წარუდგინა, მათგან ორზე სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა. კერძოდ, 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. ჯამში ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა უწევს.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ოქტომბერს ექსპრეზიდენტს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ახალი ბრალი წარუდგინა, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version