ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს, სოხუმს და ცხინვალსა სტუმრობდნენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან და ეუთოდან – ტოივო კლაარი და ანიკა სოდერი, ასევე გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ, 12-13 ოქტომბერს დაგეგმილი 54-ე რაუნდის მოსამზადებლად, თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს სტუმრობდნენ.

24 სექტემბერს თანათავმჯდომარეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გამართეს შეხვედრები. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უძღვებოდა, მხარეებმა ყურადღება გაამხვილეს სოფელ აიბღას ნაწილის მიერთების კუთხით „მოსკოვის უკანონო მცდელობებზე, აგრეთვე „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” იმპლემენტაციის თვალსაზრისით გააქტიურებულ ნაბიჯებზე“. ამავე ინფორმაციით, მწვავედ დაისვა გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სრულად აკრძალვის საკითხი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. ამას გარდა, ყურადღება გაამხვილეს თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზე და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლების აუცილებლობაზე.

23 სექტემბერს თანათავმჯდომარეები ცხინვალს სტუმრობდნენ, სადაც ოკუპირებული რეგიონის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვსა და ჟენევის დისკუსიებზე ცხინვალის წარმომადგენელს, მურატ ჯიოევს შეხვდნენ. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ბიბილოვმა დისკუსიების წარმომადგენლებს მოკლედ გააცნო „სამხრეთ ოსეთის“ უახლესი ისტორია.

ამავე ინფორმაციით, მან ასევე ისაუბრა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრების მნიშვნელობაზე და ამ შეხვედრებს „ეფექტიანი“ უწოდა. ბიბილოვმა სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს საკითხიც დააყენა, რაც 2019 წელს მხარეებს შორის უთანხმოების საგანი გახდა.

21 სექტემბერს, სოხუმში თანათავმჯდომარეები ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას შეხვდნენ. საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ტუჟბამ „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა საქართველოს მილიტარიზაციის პროცესის გამო და იმავდროულად, ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის მიმართ აფხაზური მხარის მზადყოფნა გამოხატა.

ამავე ინფორმაციით, თანათავმჯდომარეებმა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრები 2018 წლიდან შეჩერებულია.

საქართველოდან თანათავმჯდომარეები მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსული მხარის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)