საპარლამენტო კვირა

პლენარული სხდომები

 19 თებერვალს პარლამენტის პლენარული სხდომა დეპუტატების განცხადებებით გაიხსნა.

დეპუტატებმა განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტს.

კანონპროექტი სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი უხელმძღვანელებს და მისი სათათბირო ორგანო იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის უფროსები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭოს ეყოლება მდივანი, რომლის უფლებამოსილებაც პრემიერის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობის ერთ-ერთ წევრს დაეკისრება. უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტი წარმოდგენილი არ იქნება.

დეპუტატების უმრავლესობის კითხვები სწორედ საბჭოს მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას უკავშირდებოდა. ისინი დაინტერესდნენ, თუ რატომ არ არის წარმოდგენილი ქვეყნის მთავარსარდალი ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სათათბირო ორგანოში, როგორიც უსაფრთხოების საბჭოა. დეპუტატების საპასუხოდ, კანონპროექტის მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, პრეზიდენტს საბჭოსგან სრული ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა ექნება. ასევე, პრემიერს მუდმივი წევრების გარდა, სხვა პირების მოწვევაც შეეძლება, მათ შორის იქნება პრეზიდენტიც.

20 თებერვალს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს.

საკანონმდებლო ორგანოში მაია ცქიტიშვილმა უწყების 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სტრატეგიის მთავარი პრინციპები ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდაა, რაზეც სამინისტროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრმა უწყების მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით 2 მლრდ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.

დეპუტატების უმრავლესობამ მინისტრის გამოსვლა დადებითად შეაფასა. TBC ბანკის გარშემო განვითარებულიმოვლენების ფონზე, კანონმდებლების კითხვების დიდი ნაწილი სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს შეეხო. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება სწორედ TBC ჰოლდინგს აქვს, მისი მფლობელი კი მამუკა ხაზარაძეა. დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, სახელმწიფოს მხრიდან პორტის მშენებლობას „საფრთხე არ ემუქრება“.

21 თებერვალს პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რომელიც 2025 წლამდე სასამართლოს პირველ ორ ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ეხებოდა.

საკითხის განხილვა უმრავლესობის დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი კანონპროექტის „არაკონსტიტუციურობაზე“ მიუთითებდა . მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მან კანონპროექტის ინიციატორები „ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირშიც“ დაადანაშაულა. ამას დეპუტატ ეკა ბესელიას მწვავე პასუხი მოჰყვა. მან ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

საბოლოოდ, ეკა ბესელიას ინიცირებულ კანოპროექტს მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

21 თებერვალს, პარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას, ექვსი თვის ვადაში ამ რეჟიმის ყველა მთავარი ფიგურანტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ასევე, იმ დროს „რეზონანსული საქმეების“ ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯას ითვალისწინებდა. კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი წავიდა. არასაკმარისი ხმების გამო, პატრიოტების ინიციატივა ჩავარდა.

ქართულ ოცნებას დეპუტატები ტოვებენ

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდების შემდეგ, ინიციატივის ავტორებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა ქართული ოცნების დატოვების შესახებ განაცხადეს. 22 თებერვალს უმრავლესობიდან დემოკრატების დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილიც წავიდა. შედეგად ქართული ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.

22 თებერვალს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის ბექა ნაცვლიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობდა. დეპუტატებმა ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის რიგები დატოვა.

შეხვედრები

ვიზიტები

1 წელი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან

22 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ერთი წლის წინ ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე დაკავებული და შემდგომ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.

1921 წლის 23 თებერვალი

რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 23 თებერვლის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის ეზოში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და დეპუტატების ნაწილმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

This post is also available in: Русский (რუსული)

Exit mobile version