მთავარი თემა

ბელგრადი-პრიშტინა: ტერიტორიები მშვიდობისთვის?

სერბეთი და კოსოვო საზღვრის შეცვლას ლამობენ

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებული სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ტერიტორიების გაცვლაზე ალაპარაკდნენ. ამ მოულოდნელ ცვლილებაში ზოგი ევროპის მიზიდულობის ძალას ხედავს, ზოგი რუსეთის მზაკვრობას, ზოგი კი ერთ დროს ნაციონალისტი ლიდერების მზარდ ცინიკურობას.

სისხლიან 90-იან წლებში, კოსოვოს დღევანდელი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი, ალბანელი აჯანყებულების სისასტიკით ცნობილ სამხედრო დაჯგუფებას ედგა სათავეში. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი კი ბელგრადში ულტრა-ნაციონალისტური, „სერბეთის რადიკალური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერად იზრდებოდა, მისი დამფუძნებლისა და ლიდერის, სამხედრო დანაშაულისათვის ძებნილი ვოისლავ შეშელის ხელმძღვანელობით. არც ერთ მათგანს არათუ ბრუსელში არ ჩაესვლებოდა, დასავლელი დიპლომატები ხელსაც არ ართმევდნენ.

რა ცვალებადია დრო. დღეს, ვუჩიჩი ერთ-ერთ რეფორმისტ პრეზიდენტად ითვლება და ბელგრადი თითქოს ევროკავშირისაკენ მიჰყავს, ტაჩი კი ევროპის ახალ სახელმწიფოს უდგას სათავეში,  რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა დ ა მის სუვერენიტეტს გაეროს წევრი 113 ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყანათა უმეტესობა აღიარებს.

მეტიც, ორივე ლიდერი, როგორც ჩანს, საზღვრების „შესწორების“ საკითხში ერთ აზრზე დგას. რეგიონის მცოდნე ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ სწორედ ახლა, როცა სერბეთში ვუჩიჩს ძალაუფლებას ვერავინ ეცილება, არის დრო და შანსი, სერბეთ-კოსოვოს ურთიერთობები სამარადჟამო გაყინულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

 

ბელგრადიპრიშტინას დიალოგი და მნიშვნელოვან მოთამაშეთა პოზიციები

სერბეთმა კოსოვოზე კონტროლი 1999 წლიდან დაკარგა, თუმცა მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამავე აზრზე დგას სერბეთის მოკავშირე რუსეთიც, რომელიც გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მის გაწევრიანებას აფერხებს და ევროკავშირის რამდენიმე წევრიც, მაგალითად საბერძნეთი და ესპანეთი.

გარდა ისტორიული მნიშვნელობისა – კოსოვო სერბეთის ძირძველი პროვინცია, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე უძველესი მონასტრის სამყოფელი და ოსმალეთთან ბრძოლის სიმბოლოა – ბელგრადს კოსოვოელი სერბების ბედი განსაკუთრებით აწუხებს.

სერბეთიცა და კოსოვოც ევროკავშირის წევრობისაკენ მიისწრაფვიან, თუმცა ამას ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება, რაც ნიშნავს, რომ თავიანთი მიზნის მისაღწევად ბელგრადი და პრიშტინა უნდა მორიგდნენ.

2011 წლის მარტიდან ევროკავშირის შუამავლობით იმართება ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი, რომლის თავდაპირველი მიზანიც ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობების მოწესრიგება და ტექნიკური საკითხების – ავტომობილების რეგისტრაციის, საქონლის ტრანზიტის, განათლების დიპლომების აღიარებისა და მსგავსი საკითხების მოგვარება იყო.

მიუხედავად პრობლემებისა, მოლაპარაკებებმა წინ წაიწია, რითაც პოლიტიკურ თემებზე საუბრის სივრცეც შეიქმნა. 2014 წლის ნოემბრიდან  მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფრედერიკა მოგერინი პირადად ჩაერთო.

თუმცა მხარეთა უთანხმოებებისა და კოსოვოში სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის დაძაბულობის გამო, არათუ პოლიტიკური, ტექნიკური შეთანხმებებიც კი ბეწვზე დაეკიდა. სწორედ ამ დაძაბულობის შემდეგ, მოულოდნელად გაჩნდა ტერიტორიების გაცვლის იდეა, რასაც თითქოს ორივე ლიდერი ოპტიმიზმით შეეგება.

2018 წლის აგვისტოში მოგერინიმ განაცხადა, თუ მხარეები შეთანხმდებიან და მიღწეული გაცვლა არც საერთაშორისო და არც ევროკავშირის სამართალს არ დაარღვევს, მე ყაბულსა ვარო. საზღვრის შეცვლას არც აშშ, მოპალარაკებების არაოფიციალური, მაგრამ საკვანძო მოთამაშე, შეწინააღმდეგებია. პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში,  ჯონ ბოლტონმა თქვა,  მთავარია ბელგრადი და პრიშტინა შეთანხმდნენო.

 

საზღვრების შეცვლაახალი პანდორას ყუთი ევროპაში?!

მოგერინის იმედებსა და ამერიკელთა ოპტიმიზმს არც ბერლინში იზიარებენ და არც სხვა ევროპულ დედაქალაქებში. ბევრის აზრით, ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით გაცვლა ბალკანეთსა და, ზოგადად, ევროპას დიდი არეულობთ დაემუქრება. ამიტომაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა „საზღვრების შესწორებებზე“ საუბარს „დიდი შეცდომა“ უწოდა.

ამ მოსაზრებას ბევრი მკვლევარი და პოლიტიკურ მიმოხილველი იზიარებს. მათი აზრით პირველ რიგში, ეთნიკური ნიშნით საზღვრების ჩასწორება ბალკანეთის მთავარ „დენთის კასრს“ ბოსნია-ჰერცოგოვინას დაემუქრება.

სისხლიანი და ბრუტალური შიდა კონფლიქტი ბოსნიაში აქ მცხოვრებ ხორვატებს, სერბებსა და ბოშნიაკებს (ბოსნიელ მუსლიმებს) შორის მხოლოდ დასავლეთის სამხედრო ჩარევის წყალობით დასრულდა. დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებამ მშვიდობა მოიტანა, რომელსაც დღესაც ნატოს, აშშ-ს ჯარები, ევროკავშირისა და ეუთოს მოზრდილი მისიები უმაგრებს ზურგს. თუმცაღა ორ ერთეულად – ეთნიკურად სერბულ„რეპუბლიკა სრპსკად“ (სერბთა რესპუბლიკა) და ხორვატულ-ბოშნიაკულ ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციად (რომელშიც, თავის მხრივ 10 კანტონია) დაყოფილი ქვეყანა, ბევრის აზრით არასიცოცხლისუნარიანია.

„რეპუბლიკა სრპსკაში“, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიის ნახევარს მოიცავს და სადაც 1,2 მილიონიანი მოსახლეობის 83%-ს ეთნიკური სერბები შეადგენენ, სერბი ნაციონალისტები გამოყოფის ანდა სერბეთთან შეერთების სურვილს ხშირად გამოთქვამენ (თუმცა, გულში ნაციონალისტური მჯიღის ცემისდა მიუხედავად, ეკონომიკურად ჩამორჩენილი და პოლიტიკურად რადიკალური რეგიონის შეერთების პერსპექტივა ბელგრადში დიდ აღფრთოვანებას სულაც არ იწვევს).

მილორად დოდიკი, 2010 წლიდან  ბოსნია-ჰერცეგოვინის„რეპუბლიკა სრპსკას“ პრეზიდენტი, ჯერ კიდევ სერბეთ-კოსოვოს საზღვრის ცვლილების დაწყებამდე ბევრად ადრე ამბობდა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა გარიგებული ქორწინების ნაყოფია და დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიაო. „ეს შეკოწიწებული სახელმწიფო, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, მშვიდობიანად გვინდა დავტოვოთო“, ეუბნებოდა დოდიკი ნიუ იორკ ტაიმსს, თებერვალში მიცემულ ინტერვიუში.

 

ტერიტორიების გაცვლაზე რეაქციები კოსოვოსა და სერბეთში

ტერიტორიის გაცვლის პერსპექტივა არც კოსოვოელებს აღაფრთოვანებს. 29 სექტემბერს პრიშტინას ცენტრში რამდენიმე ათასმა კოსოვოელმა ალბანელმა გააპროტესტა საზღვრის შესაძლო ცვლილება.  დემონსტრაცია ტაჩისადმი ოპოზიციური „თვითგამორკვევის“ პარტიის (Vetëvendosje) მიერ იყო ორგანიზებული.

კოსოვოს დემოკრატიული ინსტიტუტის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კოსოვოელთა მხოლოდ 11,3% ემხრობა საზღვრის შესაძლო ცვლილებას, 77,6% კი ამ ინიციატივის წინააღმდეგია.

წინააღმდეგ გამოვიდა კოსოვოს პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაიც, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, საზღვრების შეცვლისა და ტერიტორიების გაცვლის შესახებ საუბარში ბალკანეთში ახალ ტრაგედიას გამოიწვევს და არამხოლოდ კოსოვოს, არამედ მთელი რეგიონის სიმშვიდეს დაემუქრებაო.

წინააღმდეგ ბევრი კოსოველი სერბიც გამოდის. დეჩანის სერბული მონასტრის არქიმანდრიტი სავა იანიჩი აქტიურად იბრძვის ტერიტორიების გაცვლის გეგმის წინააღმდეგ. „ჩვენ უნდა ვუთხრათ არა დაყოფას, არა – „ეთნიკურად-გაწმენდილ ტერიტორიებს“ – დაწერა თავის ტვიტერზე იანიჩმა.

კოსოვოელ ალბანელებს ჩრდილოეთ კოსოვოში გაზივოდეს წყალსაცავისა და კაშხლის ბედიც აღელვებთ, რომელიც ტერიტორიების გაცვლის შემთხვევაში მთლიანად სერბეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდება. გაზივოდეს წყალსაცავის 20% სერბეთის, 80% კი კოსოვოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული. კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას სასმელი წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგებაც სწორედ გაზივოდეზეა დამოკიდებული.

 

კოსოვოს სერბები, სერბეთის ალბანელები და მათი მომავალი

კოსოვოს მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს ალბანელები, ხოლო (სხვადასხვა მონაცემებით) 4-8%-ს ეთნიკური სერბები შეადგენენ. სერბები ძირითადად კოვოსოს ჩრდილოეთში არიან თავმოყრილნი, თუმცა სამხრეთში რამდენიმე ისტორიულად სიმბოლური და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მონასტერია განლაგებული.

2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ და წარმოქმნილმა საზღვარმა 120 000 სერბი 1,8 მილიონიან კოსოვოში უმცირესობად აქცია. მეორეს მხრივ, სერბეთის შიგნით, სამხრეთში 50 000 წარმოშობით ალბანელი მოქალაქე კომპაქტურად ცხოვრობს, პრეშევოს ველის სახელით ცნობილ რეგიონში. უნდა ითქვას, რომ ბალკანური ომების დროს პრეშევოს ველიც არეულობით იყო მოცული, თუმცა როგორც სერბეთის მთავრობების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვითარების დაშოშმინება მოხერხდა. რეგიონში არჩევნებიც გაიმართა, ალბანელები სერბულ პოლიციაში მსახურობენ და აქაური ალბანური თემის წარმომადგენლები ხშირად სერბეთის მთავრობაშიც ხვდებიან.

სავარაუდოდ, საზღვრის შესწორება სწორედ პრეშევოსა და კოსოვოს ჩრდილოეთს შეეხება, რითაც სერბეთი კოსოვოს იმ ნაწილს მიიღებს, სადაც 45 000-მდე სერბი ცხოვრობს.

გასათვალისწინებელია, რომ კოსოვოს დანარჩენ ნაწილში მცხოვრები სერბები საზღვრების „შესწორების“ შემთხვევაშიც კოსოვოს შემადგენლობაში დარჩებიან. თუკი მათთვის კოსოვოში ცხოვრება მიუღებელია, ერთადერთ გამოსავლად საკუთარი სახლების დატოვება იქცევა, რაც წყალში გადაყრის კოსოვოში მრავალეთნიკური სახელმწიფოს მშენებლობის ევროპულ იმედებს.

ამასთან, პრეშევოს მიდამო, რომელსაც შეთანხმების შემთხვევაში სერბეთი კოსოვოს გადასცემს, ალბანელების გარდა სერბებითაცაა დასახლებული. შესაბამისად, შეთანხმებამ შეიძლება მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით „გაცვლა“ გამოიწვიოს, რაც ევროპაში პირველი და მეორე მსოფლიო ომების დასრულებისას მომხდარ მრავალ ტრაგედიას აცოცხლებს.

Prishtina Insight-ისთვის დაწერილ სტატიაში გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან ბიბერი აღნიშნავს, რომ კოსოვოსთან ისეთი ალტერნატიული შეთანხმების მიღწევა იქნებოდა სერბეთისათვის ყველაზე კონსტრუქციული, რომელიც უზრუნველყოფდა სერბი უმცირესობისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას კოსოვოს ტერიტორიაზე და კოსოვოელი ალბანელებისა და სერბების საერთო წარსულზე ყურადღების გამახვილებას.

მსგავსი/Related

Back to top button