
ცესკომ არ დააკმაყოფილა ავღანეთიდან ქართული ძალების გამოყვანაზე სარეფერენდუმო წინადადება
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის წინადადება ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყვანის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის თაობაზე.
ლეიბორისტული პარტიის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო საკითხის არ დარეგისტრირების მოტივად ცესკომ საქართველოს ის საკანონმდებლო ნორმა მოიყვანა, რომელიც პრეზიდენტს საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენების უფლებამოსილებას ანიჭებს.
„საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა გამოიწვევს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი კანონის მიღების შედეგად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსთან, რომლის თანახმადაც დაუშვებელია რეფერენდუმის გამართვა კანონის მისაღებად/გასაუქმებლად,“– განაცხადა ცესკომ 26 აპრილს.
ლეიბორისტმა დეპუტატმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ პარტია ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
თებერვალში, ვიდრე ცესკოს სარეფერენდუმო წინადადებით მიმართავდა, ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობას, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა შეერთებოდნენ დეკლარაციას, რომელიც მოითხოვს ავღანეთიდან იმ 935 ქართველი სამხედროს გამოყვანას, რომელთა რაოდენობის კიდევ ერთი ბატალიონით გაზრდასაც ხელისუფლება მიმდინარე წელს გეგმავს.
მიმდინარე კვირაში საქართველომ უკვე მე–16 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიას შეუერთდა.