
ტყეშელაშვილი ეუთოს მინისტერიალზე რუსი კოლეგის გამოსვლას ”ცინიკურს” უწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის გამოსვლა ეუთოს მინისტერიალზე ”აბსოლუტურად ცინიკური და აგრესიული” იყო.
ლავროვმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ეუთო თავის ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებს და მან ვერ მოახერხა აგვისტოს ომის თავიდან აცილება.
”ეს იყო აბსოლუტურად ცინიკური, აგრესიული, ირონიული გამოსვლა და ზუსტად ასე იყო ყველას მიერ შეფასებული,”- განუცხადა ტყეშელაშვილმა ჰელსინკში ქართველ ჟურნალისტებს, ”რუსეთი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს არამარტო საკუთარი ქმედებებით, არამედ საკუთარი სიტყვებითაც, რომ ჯერ-ჯერობით მის პოლიტიკურ ხედვაში რაიმე სახის პოზიტიურ ცვლილებებს ადგილი არ აქვს”.
მან ასევე განაცხადა, რომ ეუთოს მინისტერიალმა ერთობლივი დეკლარაციის მიღება სწორედ რუსეთის ”დესტრუქციული” პოზიციის გამო ვერ მოხერხდა, რაც მისი თქმით, ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ ფორმულირებებზე მოსკოვის განსხვავებულ პოზიციებს უკავშირდებოდა. დეკლარაცია ეუთოს 2002 წლის შემდეგ არ მიუღია.
”არ მიუღია იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღების წესი არის აბსოლუტური კონსენსუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანასაც შეუძლია კონსენსუსი ჩააგდოს და როგორც წესი, რუსეთი ხშირად არის ასეთი ქვეყანა,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა.