
უმრავლესობა ნათელაშვილს სოხუმიდან სტუდენტების გათავისუფლებაში დახმარებას თხოვს
საპარლამენტო უმრავლესობა თხოვნით მიმართავს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს იშუამდგომლოს რუსეთის საელჩოსთან და ხელი შეუწყოს 1 მარტს აფხაზური მხარის მიერ დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის გათავისუფლებას.
ცოტა ხნის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ ირანმა 4 აპრილს მას შემდეგ გაათავისუფლა დაკავებული ბრიტანელი მეზღვაურები, რაც შალვა ნათელაშვილმა თავისი წვლილი შეიტანა, შესაბამისი თხოვნით მიმართა რა ირანის საელჩოს საქართველოში.
”თუ თქვენ მართლა ასეთი ავტორიტეტი გაქვთ საერთაშორისო ასპარეზზე, მოიწვიეთ ბატონო შალვა რუსეთის ელჩი, თხოვეთ მას, რომ ზეწოლა მოახდინოს თავის მთავრობაზე, რათა თავის მხრივ ზეგავლენა მოახდინონ მათ აფხაზეთზე და გაათავისუფლონ ის სტუდენტები, რომლებიც დატყვევებული არიან სოხუმში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მშვიდობიანი ფორმით გამოხატეს პროტესტი არსებული რეჟიმის მიმართ,”- განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი გვარამაძემ.