ლეიბორისტები არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებენ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 5 ოქტომბერს დანიშნულ თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას  პარტიის პოლიტიკური საბჭო ორ დღეში მიიღებს.
 
„პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეგ [31 აგვისტოს] პირველ საათზე“, – განაცხადა 29 აგვისტოს შალვა ნათელაშვილმა. 
 
ლეიბორისტული პარტია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს აქამდე არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, თუმცა შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ბოიკოტს მსოფლიო პრაქტიკით მაშინ აქვს აზრი, როდესაც მასში მონაწილეობას წამყვანი პარტიების უმრავლესობა მაინც მიიღებს.“
 
„კონსერვატორებმა“, „რესპუბლიკელებმა“, „მრეწველებმა“ და სალომე ზურაბიშვილის ”საქართველოს გზამ” არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს.


„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებული იქნება იმაზე განაცხადებს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი თანხმობას იყაროს კენჭი თბილისის მერის პოსტზე.
 
არჩევნების ბოიკოტის შესახებ განცხადება ჯერ-ჯერობით მხოლოდ თავისუფლების პარტიამ გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version