თბილისი სამხრეთ ოსეთის მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების შეცვლას ითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქიტის დარეგულირების არსებულმა მექანიზმებმა ამოწურეს თავისი პოტენციალი და აუცილებელია მათი სასწრაფო ჩანაცვლება იმ პრინციპების საფუძველზე, რომელიც საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგინა.


“ეს პრინციპები კერძოდ, გულისხმობენ  მოლაპარაკებების არსებული ფორმატის ცვლილებას, ასევე შერეული სამშვიდობო ძალების ფორმატის შეცვლას და მათი პასუხისმგებლობის ზონაში მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოქცევას, ასევე კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პარალელურად, საქართველოს შემადგენლობაში  ცხინვალის რეგიონის  სტატუსის განსაზღვრას“, – აცხადებს საგარეო უწყება.


ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს რუს სამშვიდობოთა უმოქმედობას (შსკ–ს 35-ე, მე-40, 42-ე სხდომების გადაწყვეტილებებისა და სხვა შეთანხმებების დარღვევის ფონზე) და გმობს ბოლო დღეებში ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ “პროვოკაციებს“.


კერძოდ, 7 აგვისტოს სოფელ ავნევთან “ბანდიტურ” თავდასხმას ქართველ პოლიციელებზე, რის შედეგადაც სამი პოლიციელი დაიჭრა და ასევე 5 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს სოფელ ტბეთში, როცა “ე.წ. ოსმა მოხალისეებმა ძალის გამოყენების მუქარით” აიძულეს ეუთოს დამკვირვებლები უარი ეთქვათ მონიტორინგის გაგრძელებაზე მას შემდეგ, რაც მათ ახლადგათხრილი სანგრები აღმოაჩინეს.


“ბოლო პერიოდის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში ადგილი აქვს დაუფარავი პროვოკაციების ჯაჭვს. ნათელია, რომ ამ ქმედებების მიზანს წარმოადგენს  ქართული მხარის გამოწვევა საპასუხო ნაბიჯების გადადგმისაკენ… ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რუს სამშვიდობოებს და მათ სარდლობას არ შესწევთ უნარი და არ გააჩნიათ ნება,  რომ დაამყარონ ელემენტარული წესრიგი ცხინვალის რეგიონში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 7 აგვისტოს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version