ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დღეს დასრულდა.


29-30 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებებში ევროკავშირის მხრიდან დელაგეციას ევროკომისიის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი კურტ იული, ხოლო ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი ხელმძღვანელობდა.


ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტები “ემთხვევა ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტებს“.


“ძირითადი პრიორიტეტებია: დემოკრატიული პრინციპების შემდგომი განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, კონფლიქტების [ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური] მშვიდობიანად დარეგულირება, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება“, – განაცხდა 30 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვალერი ჩეჩელაშვილმა.


“ამ დოკუმენტის მთავარი იდეა ის არის, რომ საქართველო და სხვა ქვეყნები უფრო ახლო კავშირში შემოვიდნენ ევროკავშირის ქვეყნებთან“, – განაცხადა ერთობლივ ბრიფინგზე კურტ იულმა.


სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მომავალში გაგრძელდება, თუმცა როდის დასრულდება ეს პროცესი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.


“ჩვენი სურვილია ამ პროცესის, რაც შეიძლება სწრაფად, დასრულება“, – დასძინა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
 
საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას 2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეუერთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version