თბილისი გალში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 13 ნოემბერს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დაუდგენელი პირების მიერ ორ ქართველ პიროვნებაზე თავდასხმის გამო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ერთი, ხოლო მეორე დაიჭრა.


“დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება და მისი ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები, ახორციელებენ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის მიზანმიმართულ ტერორს, რაც მიზნად ისახავს რეგიონიდან მათ განდევნას და განხორციელებული ეთნიკური წმენდის დასრულებასა და დაკანონებას“, – ნათქვამია 14 ნოემბერს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ანალოგიური ინციდენტების გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ დაადანაშაულა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები “უმოქმედობაში“.   


“სრული განუკითხაობა კონფლიქტის ზონაში ხდება სამშვიდობო ძალების თვალწინ და ხშირ შემთხვევაში მათი ფარული თანხმობით“, – ნათქვამია განცხადებაში.


საგარეო უწყება “ეთნიკური წმენდის“ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის მცდელობად აფასებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის 10 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით გალის მხოლოდ ის მაცხოვრებლები მიიღებენ აფხაზეთის ახალ პასპორტებს, რომლებიც უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღაფში მათ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებას და “მდინარე ენგურის იქით მდებარე სახელმწიფოში“ გადასვლას სთავაზობს.


საგარეო უწყება რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადოდ შეაფასოს სეპარატისტული ხელისუფლების ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ დაუშვას რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version