ქართველ სამშვიდობოთა ახალი სარდალი თბილისისა და ცხინვალის უთანხმოების მიზეზი ხდება

15 სექტემბერს ოსურმა მხარემ ცხინვალის მისასვლელთან გზა გადაკეტა და არ შეუშვა თავდაცვის მინისტრის მიერ ერთი კვირის წინ დანიშნული შერეული სამშვიდობო ძალების ქართული შენაერთის ახალი სარდალი პაატა ბედიანაშვილი. ოსური მხარე ამის მიზეზად პაატა ბედიანაშვილის 2004 წლის აგვისტოში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას ასახელებს.


საქართველოს თავდაცვის უწყებამ 15 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გააპროტესტა ქართული სამშვიდობო ძალების ახლადდანიშნული სარდლის პაატა ბედიანაშვილის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არ შეშვების ფაქტი და მას “სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული ქმედება უწოდა“.


თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ 1994 წლის დეკემბერში მხარეებს შორის [ქართული, ოსური, რუსული, ჩრდილოეთ ოსური] მიღწეული შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ უფროს სამხედრო დამკვირვებელს ნიშნავს სამშვიდობო კონტიგენტის წარმგზავნი მხარე. შერეული სამშვიდობო კომისიის გადაწყვეტილებით კი მხოლოდ სამშვიდობო ძალების სარდალი ინიშნება.


თუმცა, სამხრეთ ოსური მხარის თქმით, სამშვიდობო ერთეულის მეთაური უნდა იყოს ის ოფიცერი, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია შეიარაღებულ დაპირისპირებაში.


“პაატა ბედიანაშვილი ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი იყო საქართველოს მხრიდან 2004 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა“, – ნათქვამია 15 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version