ენერგეტიკის მინისტი მოსკოვში “გაზპრომის“ ხელმძღვანელობას შეხვდება

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტ დავით ინგოროყვასთან ერთად დღეს ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.


სათბობ-ენერეგტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში ენერგეტიკის მინისტრი გაზის მომწოდებელ კომპანია „”გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს ალესანდრე მილერს და “გაზექსპორტის“ პრეზიდენტს ალექსანდრე მედვედევს შეხვდება.


“საუბარი ძირითადად “გაზპრომთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას შეეხება. ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა ვალდებულებას კისრულობენ გაზის მომწოდებელი და მიმღები კომპანიები. მთავარია გაზის უწყვეტი მოწოდების გარანტიები,“ აცნობეს “სივილ ჯორჯიას“ სამინისტროდან.


“გაზპრომთან“ ხელშეკრულება თბილისისთვის ბუნებრივი აირის მოწოდების შესახებ ჯერ კიდევ სათბობ-ენერეგტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას დროს 2003 წელს გაფორმდა. წლის ბოლოსთვის დღეს მოქმედი ხელშეკრულება ძალადაკარგულად  ჩაითვლება. ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულება წლის ბოლოს გაფორმდება.


მოსკოვში ვიზიტის დროს სავარაუდოდ განიხილება ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირების საკითხიც, თუმცა ამის შესახებ სამინისტროში კომენტარი ჯერ არ კეთდება. დღეისათვის საქართველო 1000 კუბურმეტრ ბუნებრივ აირზე 60 აშშ დოლარს იხდის. შესაძლოა ეს თანხა  20 დოლარით გაძვირდეს.


ტელეკომპანია “რუსთვი 2“-ის ეთერში  გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა დავით ინგოროყვამ მოსკოვში გამგზავრბამდე განაცხადა, რომ ქართული მხარე შეეცდება ბუნებრივი აირის შესაძლო გაძვირება მოსახლეობაზე მძიმედ არ აისახოს და “მოხდეს მისი არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად გაძვირება“.      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version