ახალი ამბები

ბრაიზა: აშშ–ს ძლიერი საქართველოს ხილვა სურს







აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეტ
ბრაიზა
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო
ურთიერთობების კვლევის ფონდში, 29 ივლისი.
აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ თბილისს 28–29 ივლისს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეტ ბრაიზა ეწვია. როგორც თავად აღნიშნა, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დემოკრატიის გაღრმავების საჭიროებაზე და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე აქცენტების გაკეთება იყო.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა თბილისში შეხვედრები გამართა პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან. მეტ ბრაიზა ასევე შეხვდა  სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს და მათგან საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გამართულ შეხვედრაზე მეტ ბრაიზამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში აშშ–ს სტრატეგიულ ინტერესებზე. მისი თქმით, აშშ დაინტერესებულია საქართველოს ენერგოტრანზიტის პოტენციალით, უსაფრთხოების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტითა და ტერიტორიული მთლიანობით და შიდა რეფორმების საკითხებით. 
 
“მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, [ვარდების რევოლუციის შემდეგ] ბოლო 19 თვის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, შედეგები გასაოცარია“, აცხადებს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.


მისი თქმით, აშშ დიდ იმედებს ამყარებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. “თუკი საქართველო ვერ გახდება წარმატებული ქვეყანა, მაშინ სხვა ქვეყნების იმედი როგორღა უნდა გვქონდეს“, აცხადებს ბრაიზა და აქვე დასძენს, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით განავითაროს დემოკრატიული ღირებულებები.
 
ამასთან იგი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე, რაც “აშშ–ს განსაკუთრებული ინტერესია“.
 
მისი თქმით, აუცილებელია თბილისმა აფხაზურ და ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები პატივისცემის პრინციპზე ააგოს. 
 
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი მეტ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ აშშ საკმარის დახმარებას გაუწევს საქართველოს, “განსაკუთრებით ევროპაში, იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დაეხმაროს საქართველოს გადაწყვიტოს კონფლიქტები მშვიდობიანად და რუსეთის მიმართაც ამერიკული დიპლომატია იქნება ისეთი, რომ აიძულონ ისინი საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელონ საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში“.
 
თბილისში გამართული შეხვედრების დროს აშშ–ს წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ სფეროებზე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმები წარმატებულად ვერ განავითარა. ბრაიზას განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლების დაყოფის პრინციპის სრულყოფა, კერძოდ პარლამენტის დამოუკიდებლობა და გაძლიერება, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მედიისა და ოპოზიციისადმი პატივისცემით მოპყრობა. 
 
“კრიტიკული აზრს ხელისუფლება გაგებით უნდა მოეკიდოს, კრიტიკამ ლიდერი კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს“, აცხადებს მეტ ბრაიზა.
 
ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პირდაპირ და არაპირდაპირ ზეწოლაზე, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის ნაკლებობაზე, ავტორიტარიზმის ელემენტების გაჩენაზე  გაამახვილეს ყურადღება სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა  მეტ ბრაიზასთან დახურულ შეხვედრაზე, რომელიც მათი თქმით, საკმაოდ “კონსტუქციულად“ წარიმართა. 
 
“თუ საქართველო კიდევ უფრო მეტს მიაღწევს დემოკრატიზაციის კუთხით, ვიდრე აქამდე, მაშინ შეერთებული შტატების მხარდაჭერა და დახმარება შესაბამისი პროპორციით გაიზრდება“, აცხადებს ალექსანდრე რონდელი.
 
მეტ ბრაიზას განცხადებით, აშშ ასწავლის და საჭიროების შემთხვევაში, აიძულებს კიდეც საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისაკენ სწორი გზით იაროს. “ჩვენ გვინდა საქართველო ვნახოთ ძლიერი“, დასძენს ბრაიზა.

Back to top button