თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვია

28 ივლისს თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეტ ბრაიზა, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობასთან დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების და რეგიონალური კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხებს განიხილავს.


მეტ ბრაიზა „კიდევ ერთხელ დააადასტურებს აშშ-ს მთავრობის მზადყოფნას დაეხმაროს საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში“, ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს ინფორმაციაში.


მეტ ბრაიზა 28 ივლისს უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ–მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.


“რუსეთი არ უნდა ჩააერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, ჩვენც კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით“, დასძინა ბრაიზამ.


ვიზიტის ფარგლებში მეტ ბრაიზა შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს,  პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს  და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version