კოკოითი ოს და ქართველ შს მინისტრებს დიალოგისკენ მოუწოდებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოსკოვში 27 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსურმა და ქართულმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ორივე მხარის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვედრისკენ მოუწოდა, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


მისი თქმით, მოსკოვში 22 ივნისს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს ქართული მხარე “მოუმზადებელი“ აღმოჩნდა.


“თუმცა ქართულ მხარეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე [ამირან მესხელი] წარმოადგენდა, მან მხარეების მიერ ხელმოსაწერი ოქმის ტექსტიც კი არ იცოდა“, განაცხადა კოკოითმა.


მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად გამოიძიონ კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, მათ შორის სოფელ თამარაშენთან მომხდარი შეტაკება და ოთხი ქართველის გაუჩინარება, რამაც სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია.


კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარემ ბოლო დროს გააძლიერა “სამხედრო რიტორიკა“. “ჩვენ ვერ ვხედავთ კონსტრუქციულ ნაბიჯებს და კონკრეტულ წინადადებებს ქართული მხრიდან“, დასძინა კოკოითმა.


მან გაიმეორა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე არ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე თბილისის სამშვიდობო გეგმას ეხება და 9-10 ივლისსაა დაგეგმილი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version