თეთრი სახლი: თბილისში ბუშს საფრთხე არ ემუქრებოდა

თბილისი აცხადებს, რომ  უმოქმედო ხელყუმბარა პანიკაზე იყო გათვლილი








მეტალოდეტექტორები 10 მაისს შუადღეს
მას შემდეგ მოხსნეს, რაც ხალხის ნაკადმა 
თავისუფლების მოედანზე მოხვედრა
მოინდომა.
“თეთრი სახლის” წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა 11 მაისს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის სიცოცხლეს თბილისში საფრთხე არ შექმნია მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია თავისუფლების მოედანზე ნაპოვნი უმოქმედო ხელყუმბარის თაობაზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ათიათასობით ადამიანს სიტყვით მიმართა. თავად პრეზიდენტმა ბუშმა თბილისში ათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლას “ფანტასტიური განცდა” უწოდა.

“თეთრი სახლის” განცხადება გარკვეული ნუგეშია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც შეეცადა ხელყუმბარის პოვნის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელობა შეემცირებინა, რათა მას არ დაეჩრდილა  ქართველების მიერ 9-10 მაისს ჯორჯ ბუშის შთამბეჭდავი დახვედრა.


ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სკოტ მაკლელანმა განაცხადა, რომ თბილისში უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული და აგენტები, რაიმე საფრთხის არსებობის შემთხვევაში, “მიიღებდნენ ზომებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იგი [ჯორჯ ბუში] უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა“.


მისი თქმით, პრეზიდენტ ბუშს ხელყუმბარის შესახებ თბილისიდან გამგზავრებიდან რამდენიმე საათში, თვითმფრინავში აცნობეს.


“თეთრი სახლის“ წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე განაგრძობს საქმის გამოძიებას და აქვე დასძინა, რომ “განსხვავებული ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა და რა სახის ობიექტი იქნა ნაპოვნი“.


პრეზიდენტმა ბუშმა, რომელმაც 11 მაისს კონგრესმენებს ევროპული ტურნეს შესახებ ინფორმაცია  მიაწოდა, განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტისას “თავისუფლების მოყვარული 150,000 კაცის წინაშე დგომა ფანტასტიური განცდა იყო“.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 11 მაისს დაადასტურა, რომ თავისუფლების მოედანზე ტრიბუნიდან 50 მეტრის მანძილზე, საიდანაც ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტები სიტყვით გამოდიოდნენ, აღმოჩენილ იქნა საბჭოური წარმოების RPG-5 ტიპის ხელყუმბარა.


მისი თქმით, ეს იყო გათვლილი მასობრივ “არეულობასა და პანიკაზე“ და პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის მნიშვნელობის “დაკნინებაზე“.


“ეს ხელყუმბარა არ იყო ასაფეთქებლად გათვალისწინებული და მისი აფეთქების შემთხვევაშიც კი პრეზიდენტებს საფრთხე არ ემუქრებოდათ, ისინი დაცული იყვნენ“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


“იგი მიზნად ისახავდა პანიკის და შიშის გამოწვევას საზოგადოებაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საერთაშორისო მედიაში ამ ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინებას“, დასძინა მან.


11 მაისს დილით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ “ობიექტი“ უმოქმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამდენად საფრთხეს არ ქმნიდა.


“ამჟამად, ჩვენ, ამერიკულ მხარესთან ერთად, ერთობლივად ვიძიებთ საქმეს“, დასძინა მან.


უსაფრთხოების ზომები თავისუფლების მოედანზე უკვე 10 მაისიდან მკაცრად იყო დაცული. მოედნისკენ მიმავალი გზები ქართველი და ამერიკელი უშიშროების თანამშრომლების მიერ იყო ბლოკირებული.


მათ, ვისაც სურდათ ორი პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრება, თავისუფლების მოედანზე შესვლა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტიდან მას შემდეგ შეეძლოთ, რაც  სპეციალურ შემოწმებას იქ დამონტაჟებული მეტალოდეტექტორების საშუალებით გაივლიდნენ. ეს გარკვეულწილად აფერხებდა ხალხის ნაკადის შესვლას თავისუფლების მოედანზე.  შედეგად, 10 მაისს, შუადღისთვის მეტალოდეტექტორები მოხსნეს.

“გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო ხალხის ძალიან დიდი მასა; ის ხალხი, ვინც პრეზიდენტთან ახლოს იდგა უსაფრთხოების თვალსაზრისით ზედმიწევნით შეამოწმეს, დეტექტორის საშუალებით. ის ხალხი კი, ვინც პრეზიდენტისგან მოშორებით იდგა, შესაძლოა არც შეამოწმეს“, განაცხადა სკოტ მაკლენანმა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version