ახალი ამბები

ხელისუფლება გამოძიების მიმართ ჟვანიას ოჯახის უნდობლობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების უნდობლობას გამოძიების მიმართ უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ “გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად წარიმართა“.


“ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული იყო გამოძიების სწორად წარმოებაში, სამწუხაროა, რომ რაღაც კითხვები კვლავაც რჩება“, განუცხადა 4 აპრილს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


დღესვე ამ თემაზე კომენტარი პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმაც გააკეთა და განაცხადა, რომ შესაძლოა ყველა ადამიანს ჰქონდეს ეჭვი, “განსაკუთრებით ოჯახის წევრებს“.


“თუმცა ქართველი გამომძიებლების დასკვნას ემთხვევა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა“, განაცხადა გელა ჩარკვიანმა.


4 აპრილს გაზეთ “რეზონანსში“ ზურაბ ჟვანიას ძმის გიორგი ჟვანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც გიორგი ჟვანია აცხადებს, რომ გამოძიების დასკვნის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი მხუთავი გაზით გარდაიცვალა, ბევრი კითხვები იბადება, რის გამოც ოჯახი დამოუკიდებელ  გამოძიებას აწარმოებს.  



 

Back to top button