
ევროპის საბჭოს რეკომენდაციები – სააკაშვილის პოლიტიკური თავსატეხი
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების შესახებ თბილისის სამშვიდობო გეგმას გააცნობს. 17 იანვარს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სამშვიდობო გეგმის გასაჟღერებლად ევროპის საბჭო ყველაზე მისაღებ ადგილად მიიჩნია.
17 იანვარს, ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლება.
“დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც საქართველოს არასდროს ჰქონია. ის, რომ გვაძლევენ რეკომენდაციებს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ეს კარგია, მაგრამ მათი შესრულება ჩვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და აქ ხალხი წყვეტს, თუ როგორ უნდა იმართოს ქვეყანა”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადება ეხება 2004 წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ კომიტეტმა მოამზადა, რომელიც თვალყურს ადევნებს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
დადგენილების პროექტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მცდელობები განახორციელოს “შორს მიმავალი პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები.“ თუმცა, ამავე დადგენილების პროექტში ჩამოთვლილია საქართველოში არსებული უარყოფითი მხარეებიც: “ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემა პრეზიდენტის საკმაოდ ძლიერი უფლებამოსილებით, საპარლამენტო ოპოზიციის არ არსებობა, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლო სისტემა, რომელიც არ არის საკმარისად დამოუკიდებელი, არასაკმარისად განვითარებული ან საერთოდ არარსებული ადგილობრივი დემოკრატია, თვითცენზურიანი მედია და აჭარის ავტონომიის არაადექვატური მოდელი“.
ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ “პოსტრევოლუციური სიტუაცია არ უნდა გახდეს [ხელისუფლების] ალიბი, რათა გადადგმულ იქნას დაუფიქრებელი ნაბიჯები და უგულვებელყოფილ იქნას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები”.
უფრო კონკრეტულად კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციათა სიაში არის საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება შეცვალოს 2004 წლის თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტის ხელში გადამეტებული ძალაუფლება აღმოჩნდა.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის სტილზე გადასვლას ისახავდა მიზნად, სადაც პრეზიდენტი ძლიერ პრემიერ–მინისტრსა და ძლიერ პარლამენტს შორის არბირტრის როლში უნდა გამოდიოდეს. თუმცა გამოვიდა ისე, რომ პარლამენტის უფლებები დაკნინდა პრეზიდენტის ძალაუფლების ზრდის ხარჯზე.
ვენეციის კომისიის კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილების პროექტშიც აისახა, ეხება აჭარის ავტონომიურ სტატუსს. დასკვნაში ნათქვამია, რომ სტატუსი აკნინებს რეგიონის ავტონომიურობას და ამცირებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლს.
შეიძლება ითქვას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილების პროექტისადმი სააკაშვილის რეაქცია, ადამიანის, რომლისთვისაც ევროინტეგრაცია ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, საკმაოდ მკაცრი იყო.
ერთის მხრივ ეს გაღიზიანებაც კი არის; რჩება შტაბეჭდილება, რომ ევროპის საბჭოს იგი, განსხვავებით აშშ–სგან, აღიქვამს ორგანიზაციად, რომელსაც კარგად არ ესმის ის სირთულეები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რეფორმების გზაზე აწყდება.
მეორეს მხრივ სააკაშვილი უკვე ცდილობს, რომ ევროპის საბჭოს მოთხოვნათა შესაძლო გაზიარება წარმოადგინოს, როგორც მისი პირადი გადაწყვეტილების შედეგი და არა როგორც ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციის ზეწოლას მოჰყვა.
აჭარასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაზიარება განსაკუთრებით რთული იქნება სააკაშვილისთვის, რადგან ეს საკითხი დიდი კრიტიკის საბაბი გახდა არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მრავალი წარმომადგენლის მხრიდანაც.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ევროპის საბჭოს კრიტიკას, მისი გაზიარების შემთხვევაში მოსალოდნელია პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების შეცვლა, რადგან არსებული საკონსტიტუციო მოდელი “რევოლუციური სამეულის“ პოლიტიკურ ბალანსს ეყრდნობა.
ამას გარდა, ევროპის საბჭოს ზოგიერთმა რეკომენდაციამ, კერძოდ კი რეგიონების რწმუნებულთა დანიშვნის უფლების პრეზიდენტისგან პრემიერ–მინისტრისადმი გადაცემამ, შესაძლოა სააკაშვილსა და პრემიერ ზურაბ ჟვანიას შორის დაპირისპირებაც გამოიწვიოს.
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპის საბჭოს რეკომენდაციებში მიუღებელი არაფერი უნდა იყოს. ზოგიერთი რეკომენდაცია ეხება სამართალდამცავი ორგანოების რეფორმას, დაკავებულთა წამების აღმოფხვრას. ამის აუცილებლობაზე თავად პრეზიდენტიც ყოველთვის მიუთითებს. ევროპის საბჭო რეკომენდაციების შესრულების დასაწყებად საქართველოს დროს 2005 წლის სექტემბრამდე აძლევს.
“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის ამ დოკუმენტის [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილების პროექტი] სერიოზულობა”, აცხადებს ექსპერტი დავით უსუფაშვილი. “ამ შემთხვევაში ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა აღიარებს თუ არა თავის შეცდომებს ხელისუფლება. მთავარია, რომ მთავრობამ გაიზიაროს კრიტიკა და განიხილოს ისინი სახელმწიფოს აღმშენებლობის ზოგად ჭრილში”, დასძენს უსუფაშვილი.
მანამდე კი პრეზიდენტი სააკაშვილი შეეცდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილების პროექტში არსებული კრიტიკა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების შესახებ შემუშავებული გეგმით გადაფაროს.