ახალი ამბები

საქართველო არ აპირებს ამერიკის მოქალაქის მკვლელობის საქმე ხელახლა გამოიძიოს

ადვოკატი მაიკლ ფულარა, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების 12 წლის წინ მოკლული თანამშრომლის ფრედი ვუდროფის ოჯახის ადვოკატია, საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვს; თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამ ბუნდოვანი მკვლელობის ხელახალი განხილვის არანაირი სურვილი არ აქვს.
 
ფრედი ვუდროფი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი იყო, 1993 წლის აგვისტოში თავის საკუთარ მანქანაში მოკლეს. პოლიციამ ქართველი სამხედრო ანზორ შარმაიძე დააპატიმრა, რომელსაც ვუდროფის მკვლელობაში დასდეს ბრალი და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
 
ადვოკატ მაიკლ ფულარას თქმით, საქმეში ახალი მტკიცებულება გაჩნდა, რომლის მიხედვითაც შარმაიძე უდანაშაულოა.
 
16 ნოემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ადვოკატი ფულარა სპეციალურად დაესწრო ამ შეხვედრას, რათა სააკაშვილისთვის ეკითხა, დაიწყებდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება საქმის ხელახალ გამოძიებას.
 
“ჩვენი მთავარი მიზანი სიმართლის დადგენაა. მაგრამ, წარმოგიდგენიათ როგორი რეაქცია ექნებოდა ამერიკულ აუდიტორიას, რომელიმე ქართველს ამგვარი შეკითხვა ჩემი მეგობრისთვის [აშშ პრეზიდენტ] ჯორჯ ბუშისთვის რომ დაესვა? ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის საკანონმდებლო სისტემებს. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი პროცედურები და წესები გვაქვს, რომლის დაცვასაც მოვითხოვთ“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
მაისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ვუდროფის ოჯახის მოთხოვნა მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების თაობაზე.  
 

მსგავსი/Related

Back to top button