ახალი ამბები

აშშ გააგრძელებს ანტიტერორისტულ თანამშრომლობას საქართველოსთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “დიდ წარმატებას მიაღწია“ პანკისი ხეობაში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.


“ჩვენ გვაშფოთებდა იქ არსებული სიტუაცია და სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ ქართული ჯარების მომზადება ტერორიზმის პრობლემის მოსაგვარებლად.  ფაქტიურად, პანკისში მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.


მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობამ “დიდი სარგებელი მოუტანა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც, განსაკუთრებით კი რუსეთს“.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 13 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მზად არის იმუშავოს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებთან ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.     

Back to top button