
„ჰიუმენ რაითს უოჩი“ აშშ-ის სთხოვს საქართველოში ადამიანთა უფლებების საკითხები წამოწიოს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უნდა მოსთხოვოს საქართველოს ახალ პრეზიდენტს, რომ ადამიანთა უფლებები მისი რეფორმისტული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტად გახადოს, ნათქვამია „ჰიუმენ რაითს უოჩი“-ის მიერ 24 თებერვალს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში 23 თებერვალს ჩავიდა, თავის ამერიკელ კოლეგას თეთრ სახლში 25 თებერვალს შეხვდება.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა რეფორმისტულ მოძრაობას საქართველოში შევარდნაძის მმართველობის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა „ჰიუმენ რაითს უოჩ“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა რეიჩელ დენბერმა.
„ახლა როცა რეფორმისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ბუშის ადმინისტრაცია უნდა დარწმუნდეს, რომ ისინი მართლაც ზრუნავენ ადამიანთა უფლებებზე და რეალურ რეფორმებზე“.
14-გვერდიანი მოხსენება ადამიანთა უფლებების იმ დარღვევებს ეხება, რომელთაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჰქონდა ადგილი. მასში საუბარია ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში.
„ჰიუმენ რაითს უოჩ“-მა საქართველოს ახალ ხელისუფლებას მთელი რიგი რეკომენდაციები მისცა ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში მდგომარეობის გამოსასწორებლად.
„ბუშმა უნდა უთხრას პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ აშშ-ის საქართველოსადმი დახმარების გაგრძელება დამოკიდებეული იქნება ქვეყნის მიერ ადამიანთა უფლებების პატივისცემაზე“, – განაცხადა დენბერმა.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ადამიანთა უფლებებისა და კანონიერების დაცვის გარეშე, ეს ბრძოლა წარმატებული ვერ იქნება“, – დასძინა „ჰიუმენ რაითს უოჩ“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.