
ხავიერ სოლანამ საქართველოს ევროკავშირის დახმარება აღუთქვა
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ საქართველოში 4 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალი შეფასება მისცა.
„გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიამ აღნიშნა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით საგრძნობი წინსვლა სრულიად აშკარაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დაიწყოს ახლებურად ცხოვრება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში 5 იანვარს.
ხავიერ სოლანამ მიხეილ სააკაშვილს არჩევნების წინასწარი შედეგები მიულოცა და დაუდასტურა რომ, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სტაბილურობის, დემოკრატიის და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად დასახული მიზნების მიღწევაში.