
“ახლების” ლიდერი საპარლამენტო არჩევნების მარტში ჩატარების წინააღმდეგია
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე დაუშვებლად მიიჩნევს მარტში საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ამის გამო დროებით ხელისუფლებას აკრიტიკებს.
“დაუშვებელია ასეთ მოკლე პერიოდში ისეთი მოდელით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, როგორიც ახლა არსებობს. პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე პოლიტიკასაც და საკანონმდებლო მმართველობასაც ამჟამინდელი ხელისუფლება ახორციელებს. ეს კი დემოკრატიული ქვეყნისთვის დაუშვებელია”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საპარლამენტო არჩევნების ვადის უმოკლეს პერიოდში განსაზღვრის საკითხს აყენებს პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. არჩევნების ზუსტ თარიღს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე 5 ან 6 იანვარს დაასახელებს. სავარაუდოდ, ეს თარიღი 7 მარტი იქნება.