აშშ-ის ელჩს თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობების ნორმალიზების იმედი აქვს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა, რომელმაც დღეს ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართა მოლაპარაკებები, განაცხადა, რომ არსებობს თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ნიშნები.


„ის სიტუაცია, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გასული წლების განმავლობაში არსებობდა, არ იყო ნორმალური. ახლა, არსებობს იმის პერსპექტივები და შესაძლებობები, რომ სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს“, – განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს ბათუმიდან ჩამოსვლის შემდეგ.


აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება.


10 დეკემბერს ბათუმში ვიზიტის დროს ნინო ბურჯანაძემ ვერ შეძლო დაერწმუნებინა აჭარის ლიდერი ბოიკოტზე უარი ეთქვა. ორივე მხარე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდა.


ზურაბ ჟვანიამ 16 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ იგი ბათუმში ვიზიტს უახლოეს დღეებში გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version