აგენტების კანონის აღსრულების მიზნით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი იქმნება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 29 ივლისს ბრძანება გამოაქვეყნა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შეიქმნება და მას „უცხოელი აგენტების შესახებ“ მაისში მიღებული სადავი კანონის აღსრულების უფლებამოსილება მიენიჭება. 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის შესაბამისად დარეგისტრირებას 1 აგვისტოდან შეძლებენ.

ბრძანება

მინისტრის ბრძანებით, რომელიც ძალაში დაუყონებლივ შედის, 1 აგვისტოს შეიქმნება ფინანსური ანგარიშგების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: რეგისტრაციის სამსახური და დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.

ბრძანების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესახებ დებულებას ემატება 273 მუხლი: „დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა“.

დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს შორისაა:

იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი

მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად 1 აგვისტოდან დარეგისტრირდნენ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, როგორც ამის თაობაზე ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა,  მათ 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ და იძულებითი რეგისტრაცია მოუწევთ. თუმცა, მიუხედავად ჟურნალისტების კითხვებისა, თუ როგორ განხორციელდება ეს იძულებითი რეგისტრაცია, მინისტრმა ეს საკითხი არ დააზუსტა და განაცხადა, რომ საზოგადოება ამას ნახავს.

რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, მოხდება თუ არა იმ ორგანიზაციების „ოფისებში შესვლა“, ვინც უცხოური გავლენის გამტარებლის რეესტრში არ დარეგისტრირდება, ბრეგაძემ განაცხადა: „თქვენ გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, რომ ვინმე აპირებს ნიღბიანებით შესვლას. ასე გინდათ წარმოაჩინოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ არის [დაგეგმილი]. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს. ეს ყველაფერი წარსულსაა ჩაბარებული, არ განმეორდება, რადგან არჩევნებში, მათ შორის თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელსაც [დავით კეზერაშვილს] არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს… პროცედურებს რაც შეეხება, ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება. ესაა სიმართლე“.

ხელისუფლების მობილიზაცია

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც იგი სხვა საკითხებთან ერთად ამ საკითხსაც შეეხო. პაპუაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ინფორმაცია მოგვდის, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, რომ ისინი გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ. ასევე, კონსულტაციების გაწევა მიდის, თუ როგორ აუარონ გვერდი ამ კანონს და რა გზები და მაქინაციები გამოინახოს იმისთვის, რომ არ დარეგისტრირდნენ და ამავე დროს გრანტი მიიღონ. მათ შორის, კონსულტაციები მიდის და რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთ დარეგისტრირდნენ, რაც უკვე საერთოდ სასაცილოა და ყოველგვარი სერიოზულობის ზღვარს ცდება“.

მან აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ დარეგისტრირების იდეა აუარესებს სიტუაციას, რადგან ეს ორგანიზაციები „პირდაპირ უცხოური ძალა გახდებიან“. პაპუაშვილმა დასძინა: „იუსტიციის სამინისტრომ შექმნა შესაბამისი დეპარტამენტი და ახლა ჯერი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციებზეა, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ. საბოლოო ჯამში რეესტრის შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვექნება შესაძლებლობა, არსებობდეს ერთი ვებ-გვერდი, სადაც შევალთ და ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, გავიგებთ ვისგან ფინანსდება და რაში ხარჯავს ამ ყველაფერს. თუ უცხო ქვეყნებს სურთ ჩვენი და ჩვენი ხალხის დახმარება, ამას მივესალმებით და მადლობას ვეუბნებით ყველას. გააკეთონ ეს სიკეთე საჯაროდ და უთხრან ხალხს, რაში იხარჯება ფული. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ დარეგისტრირდნენ“.

მანამდე, მმართველი პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევას მიეძღვნა. კვლევამ უცხოური წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობაში ნაკლოვანებები გამოავლინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version