შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 28 პირი, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 ივლისს განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავა, რომელთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 16 პირია დაკავებული.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე 12 პირი, მათ შორის ოთხი უცხოელია დაკავებული.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“ „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „მდმა“, „მეფედრონი“, „ლიზერგიდი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „სუბოტექსი“, „ექსტაზი“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადა შსს-მ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version