
აქციის მონაწილენი ცსკო-ს შენობისკენ გაემართნენ
(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიასთან ახლოს, მეტროპოლიტენის სადგურ “თავისუფლების მოედანთან” ახლოს ერთსაათიანი სკანდირების “გადადექი! გადადექი!” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მრავალათასიანი აქციი სმონაწილეებს მოუწოდა, რომ გაემარტონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ კომისიის მუშაობის პარალიზების მიზნით.
მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას პრეზიდენტ შევარდნაძეს შესთავაზა “მოვიდეს საპროტესტო აქციაზე და შეხვდეს თავის ხალხს”.
“თუ იგი [შევარდნაძე] ასეთი მამაცია, როგორც ის აცხადებს, მოვიდეს აქ და ჩახედოს თვალებში იმ ხალხს, რომელიც მის გადადგომას მოითხოვს. მე გარანტიას ვაძლევ, რომ არავინ არ შეეხება მას. თუ ერთი საათის განმავლობაში, 5.30-მდე, შევარდნაძე არ მოვა აქ, ის ჩემთვის პრეზიდენტი აღარ იქნება”, – განაცხადა სააკაშვილმა. თუმცა, პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან არ გასულა და არც რაიმე განცხადება გაუკეთებია.
თბილისის ცენტრში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილენი, რომელთა რაოდენობა 30 ათასზე მეტია, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში – პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.