
ერევნის შემდეგ ასლან აბაშიძე ბაქოს ესტუმრება
(თბილისი, 12 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი კახა იმნაძე უარყოფს ოპოზიციის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სომხეთში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ასლან აბაშიძის ვიზიტს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან ჰქონდეს კავშირი. ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს ასევე, რომ სომხეთში აბაშიძის ვიზიტი ერევნის მხარდაჭერით ჯავახეთში მცხოვრები სომხების გამოსვლების ორგანიზებასაც ისახავდა მიზნად, რომ მათ მოეთხოვათ ავტონომია და პრეზიდენტის პოსტზე შევარდნაძის შენარჩუნება.
“ასლან აბაშიძის ვიზიტს ასეთი შორს გამიზნული ზრახვები არ ჰქონია. სომხეთში მისი გამგზავრება და პრეზიდენტთან რობერტ კოჩარიანთან შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტამდეც იყო დაგეგმილი, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ შედგა. ეს რომ კონფიდენციალური შეხვედრა ყოფილიყო, მერწმუნეთ, არ მოხდებოდა ამ ფაქტის გახმაურება”, – განაცხადა კახა იმნაძემ 11 ნოემბერს ტელეკომპანია “მზის” ეთერში.
მისივე ინფორმაციით, ასლან აბაშიძე დღეს ბაქოში გაემგზავრება, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს შეხვდება. სომხეთში გამგზავრებამდე 10 ნოემბერს ასლან აბაშიძეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა, სადაც თბილისში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და ასლან აბაშიძემ ედუარდ შევარდნაძეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
თბილისში დაბრუნებულ პრეზიდენტს სატელეფონო საუბრები ჰქონდა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, რომლებმაც ასევე მხარდაჭერა აღუთქვეს მას ქვეყანაში შექმნილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის მომხრეთა მიერ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით მოწყობილ მასობრივ საპროტესტო აქციებში გამოიხატება.