
შევარდნაძე სოხუმს და მოსკოვს მოუწოდებს, რომ თბილისის პოზიცია გაითვალისწინონ
(თბილისი, 21 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე რუსეთს და აფხაზურ მხარეს მოუწოდებს, რომ აფხაზეთის საკითხების განხილვისას გაითავლისწინონ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
“უკვე გაუგზავნე წერილი კოფი ანანს და ასევე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა, ისევე როგორც აფხაზურმა მხარემ უნდა გაითვალისწინონ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოზიცია და დამოუკიდებლად არ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხების განხორციელება”, – განაცხადა დღეს რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
შევარდნაძე დადებითად აფასებს ჟენავაში დაწყებულ მოლაპარაკებებს აფხაზეთთან დაკავშირებითYდა იმედოვნებს, რომ შეხევდრაზე პრობლემატური საკითხების განხილვა და მოგვარება მოხდება.
ჟენევაში, საქართველოს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების შეხვედრაში თბილისიდან საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე, სოხუმიდან აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რუსეთიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშინინი ესწრებიან.
მსგავსი შეხვედრა ჟენევაში 2003 წლის თებერვალშიც გაიმართა.