ახალი ამბები

მე-9 ბლოკი 9 თებერვალს აღარ გაითიშება

(თბილისი, 8 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 9 თებერვალს “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 ენერგომლოკი არ გაითიშება. ამ საკითხზე მსჯელობა დღეს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში შედგა, რომელსაც “ეი-ი-ეს”-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა არ მოხდეს მე-9 ბლოკისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა. ამ დროისთვის უკვე მიღწეულია შეთანხმება და ბლოკს 11 თებერვლამდე მიეწოდება გაზი.

სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იზრუნებს თანხების მოძიებაზე და “ეი-ი-ეს”-ის დახმარებაზე, რათა დროულად მოხდეს მოხმარებული აირის საფასურის გადახდა და ბლოკი არ გაჩერდეს.

ბლოკის 9 თებერვალს გაჩერების შესახებ ინფორმაცია “ეი-ი-ეს”-ის ხელმძღვანელობამ გაავრცელა. კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, მათ არ გააჩნიათ სათანადო რაოდენობის თანხები გაზის შესაძენად. ამის გამო ბლოკი უნდა გაჩერებულიყო და თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. ბლოკის გათიშვით ენერგოსისტემას 180 მგვტ-ი დააკლდებოდა.

Back to top button