ახალი ამბები

საქართველოში რუსული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელთა ნათესავებს იტაცებენ

1 დეკემბერს “ლუკოილის” ვიცე პრეზიდენტის მამის სადი შარიფოვის გატაცებიდან სულ რამოდენიმე დღის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთში გატაცებულ იქნა რუსულ-ბელორუსული ნავთობკომპანია “სლავნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის დედა.

გატაცების ამ ორმა შემთხვევამ რუსულ პოლიტიკურ წრეებში ჩამოაყაოლიბა აზრი, რომ რუსეთში მოქმედებს კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ნავთობკომპანიების ხელმძღვანელების ან მათი ნათესავების გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებაში არის “სპეციალიზირებული”.

სადი შარიფოვი გაიტაცეს “ლუკოილის” ვიცე პრეზიდენტის სერგეი კუკურას გატაცებიდან ზუსტად ერთი თვის მერე. სერგეი კუკურა ტყვეობაში 13 დღე იმყოფებოდა.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უმაღლესი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ “ლუკოილის” ვიცე პრეზიდენტის ვაგით შარიფოვის მამა, რომელიც უკვე მეორედ გაიტაცეს, უახლოეს მომავალში იქნება გათავისუფლებული.

“გამოძიება ამჟამად უკვე მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ სადი შარიფოვი ძალიან მალე იქნება გათავისუფლებული” განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს 4 დეკემბერს. “უკვე არსებობს ეჭვმიტანილთა გარკვეული წრე და ჩვენ მათ ვეძებთ” – დასძინა მან.

79 წლის სადი შარიფოვი 1 დეკემბერს სოფელ პანტიანში საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. როგორც ქართველი სამართალდაცავები იუწყებიან, შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა, რომელიც თავს დაესხა შარიფოვების სახლს, გაიტაცეს სადი შარიფოვი და ავტომანქანა. მოგვიანებით მანქანა ნაპოვნი იქნა სოფელ კუმისთან, რომელიც თბილისიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული.

როგორც კობა ნარჩემაშვილი აღნიშნავს, თავიდან კრიმინალები შარიფოვის გატაცებას არ აპირებდნენ. “მათი თავდასხმის მიზანი შეიარაღებული ყაჩაღობა იყო. შარიფოვის გატაცება მათ მოგვიანებით გადაწყვიტეს” – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ჯერჯერობით გამტაცებლები არ დაკავშირებიან არც სამართალდაცავებს და არც გატაცებულის ნათეასვებს. არაოფიციალური ინფორმაციით გამტაცებლებმა უკვე მოითხოვეს 400 ათასი დოლარი. ქართველ სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ გატაცების უმთავრესი მიზანი სწორედ გამოსასყიდის მიღებაა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, შარიფოვი ერთხელ უკვე იყო გატაცებული 10 წლის წინ. ის 12 დღეში გაათავისუფლეს. ოფიციალური ცნობით გამოსასყიდი არ იქნა გადახდილი.

გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის ცნობით, ამ გამტაცებლებმა უკვე მოიხადეს სასჯელი და ამჟამად თავისუფლებაში იმყოფებიან.

რუსულ-ბელორუსული სანავთობო კომპანიის ვიცე პრეზიდენტის ჯუმბერ ტყებუჩავას დედის გატაცების დეტალები ცნობილი არ არის. გატაცება მოხდა ტყვარჩელში, ამდენად ქართველ სამართალდამცავებს არ შეუძლიათ საქმის გამოძიება.

რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ 4 დეკემბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, გატაცება მოხდა ერთი კვირის წინ. როგორც აფხაზი სამართალდაცველები იტყობინებიან, ჯერჯერობით გატმაცებლებს არანაირი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ.

Back to top button