ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის ( ALDE) 6 ოქტომბერს პარტიის ყრილობაზე, რომელიც 4-6 ოქტომბერს პორტუგალიაში გაიმართა, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „არსებითი სამართლიანი საარჩევნო სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“. რეზოლუცია ხაზს უსვამს დემოკრატიული რეფორმებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას, გმობს დემოკრატიულ რეგრესს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოპონენტების დევნას, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს, ასევე იმ „სანქციების დუბლირებას“, რომლებიც უკვე დააწესა აშშ-მა მათ მიმართ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.
რეზოლუცია ხაზს უსვამს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობას, მათ შორის იმ რეფორმების, რომლებიც ევროკავშირის ცხრა პრიორიტეტშია ასახული, ასევე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი და ანტი-ლგბტ კანონმდებლობა ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პერსპექტივას. ის მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის მიმართ.
რეზოლუცია ასევე გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულებისადმი. პარტია მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ და მასში ასახულ რეფორმებს, ასევე „ოპოზიციური კოალიციების ჩამოყალიბებას პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობისა და ხმების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით“.
პარტია, ამავე დროს, სინანულს გამოთქვამს „რუსული კანონის“ მიღებისა და ამოქმედების, „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნის, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების“, ასევე „ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის ცხრა პირობის შეუსრულებლობის გამო, რაც კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის რეგრესზე მიუთითებს“. დოკუმენტი ასევე სინანულს გამოხატავს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ „ანტიდასავლური კამპანიისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, რაც ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანასა და დაშინებას იწვევს“.
რეზოლუცია გმობს რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ ტერორის კამპანიას, მათ შორის გატაცებებს, ცემას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისების დარბევას, ჩასაფრებას და ფიზიკურ თავდასხმებს.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიას „მტკიცედ დაუპირისპირდეს ძალადობას ან არჩევნების გაყალბებას და ეს ნათლად დაანახოს საქართველოს ხელისუფლებას“. ის ასევე მოუწოდებს ევროპარლამენტის ჯგუფს „ევროპული განახლება“, ევროპარლამენტის რეზოლუციის განხორციელების მხარდაჭერის მობილიზება უზრუნველყოს და „პერსონალური სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, ევროკავშირისა და ნატოსგან საქართველოს ჩამოშორებისა და ავტორიტარიზმისკენ სვლის გამო“.
ALDE-ს თქმით, საჭიროა „ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაუყონებლივ დაწყება არჩევნების შემდეგ, როგორც კი ახალი დემოკრატიული ხელისუფლება რეფორმებისა და ცხრა პირობის შესრულების ვალდებულებას აიღებს“, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების გაფართოება.
ALDE მოუწოდებს ევროკომისიას, გაიმეროს აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციები, ხოლო ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებს მოუწოდებს „თავი შეიკავონ ‘ქართული ოცნების’ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის კონტაქტებისგან“.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/06/2024 – ALDE „ქართული ოცნების“ მიმართ სანქციების დაწესებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
- 21/03/2024 – ALDE-ს მანიფესტი: ჩვენი ამბიციაა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა გაწევრიანების კრიტერიუმები 2029 წლისთვის დააკმაყოფილონ
- 21/10/2023 – ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ 12 პრიორიტეტის შესრულებისკენ მოუწოდეს
- 28/05/2023 – ALDE-ს კონგრესმა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)