„ქართული ოცნების“ ნეგატიური კამპანიის ფონზე, EECMD „დემოკრატიის ფესტივალს“ იცავს

„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) 6 აგვისტოს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების „ნეგატიურ კამპანიას“ „დემოკრატიის ფესტივალის“ (DemFest) წინააღმდეგ, რომელიც EECMD-ის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციაა „დანიის ინსტიტუტი პარტიებისა და დემოკრატიისთვის“ (DIPD). „ქართულმა ოცნებამ“ ღონისძიება, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ, იმისათვის გამოიყენა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება გაემართლებინა და დანიის მთავრობა საქართველოს საშინაო საქმეებში „ჩარევაში“ დაედანაშაულებინა.

„დემფესტი“, რომელიც 3 აგვისტოს თელავში გაიმართა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც აგვისტოს თვეშია დაგეგმილი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურათების გამოფენის გამო „ავტორიტარულ ფესტივალად“ შეაფასა. ღონისძიების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ არჩევნები საარჩევნო პრინციპების უხეშად დარღვევის ფონზე წარიმართება, თუმცა ეს დარღვევები შედეგებზე ვერ აისახება… მათ შორის ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები საქართველოში ავტორიტარიზმს ვერ დააბრუნებს“.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც გააკრიტიკა. მან სოციალურ ქსელში დაწერა: „არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი. პასუხი მარტივია: დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინაშე“. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანა „ერევა“ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, „საერთაშორისო თანამშრომლობის ეთიკა ამბობს, რომ ანგარიშვალდებულებაც და მინიმალური პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნო“.

„ამიტომ, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით, ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. თითქოს ელემენტარულია“, – დასძინა პაპუაშვილმა.

საპასუხო განცხადებაში, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ აღნიშნა, რომ „აღნიშნული კამპანიის შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს და განხორციელებული თავდასხმები საჯარო შეხვედრასა და სახალხო „დემოკრატიის ფესტივალზე“ პირდაპირ ემსახურება „რუსული კანონის“ სულისკვეთებას“. ორგანიზაცია განმარტავს, რომ „დემოკრატიის ფესტივალის” ინსპირაციაა დანიის „სახალხო ფესტივალი” Folkemødet და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები — არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტთა ჯგუფები, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მცირე და საშუალო მეწარმეები და მოქალაქეები.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზატორების მხრიდან ფესტივალზე მოწვეულ იქნა ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“. მოსაწვევი გაეგზავნა პარტიის ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ფესტივალების გამართვამდე 21 დღით ადრე, 2024 წლის 6 ივლისს“, – აღნიშნავს ორგანიზაცია და დასძენს, რომ ფესტივალების ორგანიზების პროცესში EECMD-ის მხრიდან შესაბამის უწყებებს ერთი თვით ადრე ოფიციალურად გაეგზავნათ მუნიციპალურ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვის მოთხოვნები, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან (თელავსა და ქუთაისში) არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება, ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლებისგან კი ორგანიზაციამ მიიღო უარი.

„მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა, წალენჯიხისა და თელავის წარმატებული ფესტივალების შემდეგ, „დემფესტი“ სულ უფრო მეტ მხარდაჭერასა და ინტერესს იძენს მოქალაქეებში, სამოქალაქო სექტორსა თუ სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებში, ვისთვისაც დემოკრატია მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, რომ „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელიც ათწლეულებია ტარდება ევროპის ქვეყნებში, მალე საქართველოს კულტურულ კალენდარზეც მოინიშნება და დამკვიდრდება როგორც დემოკრატიის აღნიშვნის ტრადიცია“, – ნათქვამია EECMD-ის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version