ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია განახორციელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ბელგიურმა კომპანიამ Jan De Nul ტენდერი მოიგო და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.

„დავასრულეთ პორტის სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცესი. კომპანია Jan De Nul-ს ჰყავს მსოფლიოში უდიდესი სპეციფიკური ფლოტი, რომელიც გამოყენებულ იქნება პორტის სამშენებლო სამუშაოებში, ეს იქნება როგორც ფსკერდაღრმავება, ისე შესაბამისი ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მოწყობა. ეს არის ძირითადი, უნივერსალური საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომელიც პორტის შემდგომში განვითარების, სხვადასხვა კონფიგურაციის შემთხვევაში იქნება გამოსადეგი. ამიტომ ჩვენ აგვისტოს თვის განმავლობაში კომპანიასთან ვიმუშავებთ ხელშეკრულებაზე – ვფიქრობ, ამას დასჭირდება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ უკვე სექტემბრიდან ანაკლიის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები ვიხილოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

„პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, კომპანია Jan De Nul-თან თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, რომ დათქმულ ვადებში ექსპლუატაციაში მიიღოს ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო მზიდი გემები 2029 წლიდან, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისით“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, კომპანია Jan De Nul 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანიას საერთაშორისო მასშტაბის საზღვაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – მათ შორის, აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში. გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურესა და აფრიკაში.

მინისტრი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის შესახებ

მინისტრმა ასევე ისაუბრა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის შესახებ, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა. რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან წინადადების დაზუსტების მიზნით. „ეს არის პროცესი – ჩვენ გამოვლენილი გვყავს პრეტენდენტი, რომელმაც წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები, თუმცა, მასთან მიმდინარეობს მუშაობა წინადადებების დაზუსტების შესახებ. ესაა საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტი ბევრი მოთხოვნით, ბევრი ტექნიკური პარამეტრით, რომელიც  საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას და აქედან გამომდინარე, გრძელდება მოლაპარაკებები პრეტენდენტ კომპანიასთან, ვფიქრობ, რომ ეს პროცესიც გეგმაზომიერად მიდის. ალბათ, ჩვენი გადაწყვეტილება და ტაქტიკა სწორი იყო, როცა პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით პარალელური პროცესები წარვმართეთ – დაგვეწყო სამშენებლო სამუშაოების ჩვენი ნაწილი ისე, რომ არ დავლოდებოდით კერძო პარტნიორს და შემდგომში დროის დაკარგვის გარეშე შევარჩიოთ პარტნიორი და უკვე სახმელეთო ინფრასტრუქტურა განვავითაროთ შესაბამის პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან ასევე განაცხადა: „ერთი პრეტენდენტი კომპანია გამოვლინდა და დაფიქსირდა, მაგრამ გამარჯვებულად არ გამოგვიცხადებია. გამარჯვებულად ის გამოცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობები, რომელიც დასაზუსტებელია, საკონკურსო პირობებთან იქნება შესაბამისობაში“. ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კომპანია შესაძლოა საერთოდ არ გამოცხადდეს გამარჯვებულად, მინისტრმა განმარტა: „რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ არც გამოცხადდეს. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დიალოგის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა წინადადების იმ საკონკურსო მოთხოვნებთან და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version