აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-საქართველოს ურთიერთობები „განსაკუთრებით რთულ ეტაპზეა“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები „განსაკუთრებით რთულ ეტაპზეა“ და დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, გაიწვიოს სხვა პრობლემური კანონმდებლობა, დაასრულოს თავისი დეზინფორმაციის კამპანია და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები დააკვირდებიან.

ვედანტ პატელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარების შეჩერების თაობაზე  სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით დაინტერესდა, ასევე იმით, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის დასრულებას. დახმარების შეჩერების საკითხის კომენტირებისას პატელმა განაცხადა: „აშშ ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების გამო დგამს, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ნორმებთან“.   

მან განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას სულ უფრო აშორებს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან“.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას „უცხოური გავლენის“ კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის გაწვევით, თავისი დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებითა და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით“, – განაცხადა პატელმა და დასძინა, რომ ეს ქმედებები აშშ-ისგან დახმარების მისაღებადაა საჭირო.

მისი თქმით, აშშ-ის ერთგულება ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მიმართ მყარია. „გავაგრძელებთ იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით“.

პრესსპიკერის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ დახმარების პროგრამები, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის შეჩერდება და „ზოგიერთ შემთხვევაში“ დახმარების პროგრამები შეიძლება მოდიფიცირებულ იქნას, რათა რესურსები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადამისამართდეს, რომლებიც კონკრეტულ სექტორში მუშაობენ.

რაც შეეხება ყოვლისმომცველ გადახედვას, მან განაცხადა, რომ ის გრძელდება: „ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედება განვახორციელოთ, თუ ეს საჭირო იქნება“.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე ჰელსინკის კომისიის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პატელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რაიმე ქმედებაზე ვერ ისაუბრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version